თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა 30 ოქტომბრამდე უნდა დაითვალონ ზარალი, რომელიც ტელეკომპანიის ქონებისა და „რუსთავი 2“–ის მფლობელთა წილის დაყადაღებას მოჰყვა, განაცხადა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ.
„რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, ტელეკომპანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარეს პარასკევს, სამ საათამდე ეძლევა ვადა, რომ დაითვალონ მოსალოდნელი ზარალი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ვადა საკმარისია“, – განაცხადა ურთმელიძემ ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ასევე დაყადაღებულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება, რომელიც „რუსთავი 2“–ის 51%–იან წილს ფლობს.
ტელეკომპანიის ადვოკატებმა 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენეს იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი აშშ დოლარი. მათი თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღებით მიიღო.