პარასკევი
მსოფლიო ჯაზის ლეგენდას, კანადელ მომღერალს დაიანა კროლს თბილისელი ჯაზის მოყვარულები დედაქალაქის ფილარმონიის სცენაზე მოისმენენ. ის კონცერტს თბილისის მე–18 ჯაზ–ფესტივალის ფარგლებში მართავს.
მუსიკალური რიტმების მოყვარულებს ღია ცის ქვეშ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გრანდიოზულ კონცერტზე ეპატიჟება. ის თავისუფლების მოედანზე გაიმართება. კონცერტზე გამოვლენ „კახაბერი და ხანუმები“, მაია დარსმელიძე, გიორგი უშიკიშვილი, „რუსთავი 2“–ის პოპულარული ტელე–შოუების მონაწილეები.
თუ გსურთ, გია ყანჩელის უკვდავი მუსიკის თანამედროვე არანჟირებით მოსმენა, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრს უნდა ეწვიოთ. საღამოზე ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება ყანჩელის ნაწარმოებები სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან. კონცერტი მაესტროს 80 წლისთავს ეძღვნება. სცენაზე გამოვლენ ნატო მეტონიძე და ლატვიური მუსიკალური ჯგუფი Xylem Trio.
შაბათი
თუ არ გეშინიათ გაიგოთ, რა სურთ ქალებს, მაშინ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალთა ქაოსში შუა თბილისში! ექვსი არაპროფესიონალი მსახიობი სხვადასხვა ქვეყნებიდან ითამაშებენ თანამედროვე ფინელი დრამატურგის მიკა მილიუაჰოს კომედია „ქაოსი, ანუ ქალები ნერვული შეტევის ზღვარზე“დიაში. ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე სამი წარმატებული მეგობარი ქალი – ფსიქოთერაპევტი, ჟურნალისტი და მასწავლებელი საკუთარი პირადი ცხოვრების მოწესრიგებას შეეცდებიან, რომელიც სავსეა ქაოსით, შიშველი ნერვით, მამაკაცებითა და სხვა თავგადასავლებით.
დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში CineDOC-Tbilisi სხვადასხვა ქვეყნების რეჟისორების დოკუმენტური კინოს სიახლეების ნახვა შესაძლებელი იქნება კინოთეატრებში „რუსთაველსა“ და „ამირანში“. ორგანიზატორები კრეატიულ, ორიგინალურ და საინტერესო დოკუმენტურ ისტორიებს გვპირდებიან, ასევე კავკასიაში გადაღებულ და ამ რეგიონისადმი მიძღვნილ ფილმებს.
თუ ველოსპორტის თაყვანისმცემელი ხართ, მაშინ გირჩევთ, საქართველოში პირველ ველოსიპედის ფესტივალს Bike Fest 2015–ს დაესწროთ. ის თბილისის ვაკის პარკში როგორც პროფესიონალ, ის მოყვარულ ველოსიპედისტებს შეკრებს. მოეწყობა შეჯიბრებები სწრაფ დაშვებაში (დაუნჰილი), სანახაობები, მასტერ–კლასები, ასევე ველოსიპედებისა და ველოთამაშების გამოფენა, რომელშიც მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
კვირა
სირბილი, სირბილი და კიდევ ერთხელ სირბილი! ხოლო როდესაც მარათონი საქველმოქმედოა, სირბილი ორმაგად სასიამოვნოა! ასე რომ, არ გამოტოვოთ საქველმოქმედო გარბენა „თბილისის მარათონი“, რომელიც წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რუსთავის ცენტრს დაეხმარება. მარათონში, სავარაუდოდ, ორი ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ერთ–ერთი ყველაზე მოდური თბილისელი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს პერსონალური გამოფენა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ორიგინალური ექსპოზიცია ავტორის სამ ფერწერულ სერიას წარმოადგენს: „ავტოპორტრეტი“, „კულმინაცია“ და „No comment“. ტიმჩენკოს გამოფენა პირველად ჩატარდება ვიდეო და ხმოვანი ინსტალაციებით.
ყურადღება! კვირას, პირველად საქართველოში, ცნობილი ამერიკელი ჯაზ–მომღერალი და მულტიინსტრუმენტალისტი ესპერანსა სპოლდინგი იმღერებს (Esperanza Spalding). კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
"სპუტნიკი" სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!