თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 2015 წლის 21–25 ოქტომბერს დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტალისტები რუსეთიდან, თურქეთიდან და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან.
CineDOC-Tbilisi სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც დოკუმენტური კინოს პოპულარიაზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალი პირველად 2013 წელს გაიმართა.
„CineDOC-Tbilisi–ს მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ფესტივალის მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს კრეატიული დოკუმენტური ფილმები უნიკალური რეჟისორული თვალთახედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით“, — აღნიშნულია
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
წელს CineDOC-Tbilisi სამი საკონკურსო სექციისგან შედგება.
პირველი — ესაა 10 დოკუმენტური ფილმისგან შემდგარი საერთაშორისო კონკურსი (International Competition).
მეორეა Focus Caucasus, სადაც საკონკურსო დოკუმენტურ ფილმებს წარმოადგენენ რეჟისორები კავკასიის რეგიონებიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან. აქვე იქნება ნაჩვენები კავკასიაში გადაღებული და ამ რეგიონისადმი მიძღვნილი ფილმები.
მესამე საკონკურსო სექციის CineDOC-Young ფარგლებში 8–დან 25 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დოკუმენტურ ნამუშევრებს წარმოადგენენ. ამ პროგრამაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც ფესტივალზე მონაწილეების, ჟიურის წევრებისა და მაყურებლის ფუნქციებს ერთდროულად შეასრულებენ.
CineDOC-Tbilisi–ს ფარგლებში ასევე გაიმართება კინოჩვენებები, ინტერაქტიული დისკუსიები მოწვეულ რეჟისორებთან, პროფესიონალების მასტერ–კლასები და ღია სესიები.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, საქართველოს რეგიონებში CineDOC–ტური გაიმართება. ამ პროექტის ფარგლებში რეგიონების მცხოვრებლები მთელი მსოფლიოდან დოკუმენტური კინოს სიახლეების ნახვას შეძლებენ.
ფესტივალის CineDOC-Tbilisi შესახებ დაწვრილებით იხილეთ ვებგვერდზე.