თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის ერთ–ერთი გრანდიოზული მუსიკალური მოვლენა – თბილისის ჯაზის ფესტივალი – მეთვრამეტედ 23–დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
თბილისის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი (Diana Krall), ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი (Esperanza Spalding), მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი (Jeff Ballard) და მისი ტრიო.
ჯაზ–ფესტივალზე ასევე გამოვლენ ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.
ყველა კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
ჯაზის ფესტივალი გასული საუკუნის მიწურულს დაარსდა. ამ ფესტივალის საყრდენ წერტილად 1978 წელს გამართულ საკავშირო ჯაზ–ფესტივალს – „თბილისი–78“–ს მიიჩნევენ. მაშინ თბილისში გამოვიდნენ: ლენინგრადის დიქსილენდი, მოსკოვის ანსამბლი „ალეგრო“, პიანისტისა და კომპოზიტორის ვიაჩესლავ განელინის ტრიო, ბაქოს ანსამბლი „მუღამი“ და სხვები.