თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მხარე დღემდე ვერ იღებს ზუსტ მონაცემებს საქართველოს იმ მოთხოვნაზე, რომელიც კომპენსაციის სახით 70 მლნ ევროს გადახდას უკავშირდება, — განუცხადა ჟურნალისტებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი მატიუშკინმა.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა დოკუმენტი, რომლითაც ის რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70,32 მლნ ევროს გადახდას მოითხოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებით მიყენებული მორალური ზარალის გამო.
მატიუშკინის თქმით, „მედიით გაჟღერებული 70 მლნ ევრო — ეს ქართული მხარის ნდომებია (ორიგინალში „хотелки“, — რედ.)“. მან აღნიშნა, რომ რუსეთს დღემდე არ მიუღია დაზარალებულთა
გვარები და ვერ იღებს ინფორმაციას, სად იყვნენ ისინი და როგორ ისარგებლეს რუსეთის სასამართლოთი.
საბოლოო ჯამში, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საუბარია 154 ადამიანზე, რომლებმაც „რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობა“, — აღნიშნა მატიუშკინმა. „ეს ყბადაღებული 70 მილიონი ევრო დაზარალებული პირების დაუდგენელი წრიდან გამომდინარეა გამოთვლილი“, — დაასკვნა მან.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. მან დაადგინა, რომ რუსეთმა, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების გაძევებით,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. მოსკოვში, თავის მხრივ, მიუთითეს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოვლენილი დარღვევები მხოლოდ არაკანონიერი მიგრანტების დეპორტაციას ეხება; რომ სასამართლოს არ გამოუვლენია რუსეთში კანონიერად მყოფი ქართველების გაძევებისა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევის ფაქტები.