თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთის მიერ საქართველოს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის საკითხი ივლისში გადაწყდება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის შესახებ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს ქართველების ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაციის თვალსაზრისით ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. კომპენსაციის ოდენობა, რომელიც დაზარალებულმა მხარემ უნდა მიიღოს, დადგენილი არ იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა და საქართველომ 12 თვის განმავლობაში უნდა მოამზადონ შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით და სასამართლოს სავარაუდო შეთანხმების შესახებ აცნობონ. სარჩელი სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანეს.
”ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი პროცედურები სტრასბურგსა და ჰააგაში გვქონდა. პირველი სახელმწიფოთაშორისო საქმე სტრასბურგში შარშან მოვიგეთ, მაგრამ კომპენსაციის საკითხი ღია დარჩა. მიმდინარე წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე უნდა დახუროს და საკითხი საბოლოდ უნდა გადაწყვიტოს”, — განაცხადა წულუკიანმა საინფორმაცია სააგენტო "День"-თან ინტერვიუში.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. საქართველომ მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მომდევნო პერიოდში ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების რიგი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ზეპირი მოსმენები 2015 წელს დაიწყება.
”მეორე საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, ჯერ კიდევ გრძელდება. გასული წლის დეკემბერში ბოლო მემორანდუმი წარვადგინეთ, მაგრამ რუსეთის პოზიცია ისეთია, თითქოს მათ არაფერი დაურღვევიათ, არამედ დაარღვია ქართულმა მხარემ”, — აღნიშნა წულუკიანმა.
რაც შეეხება გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, მან 2011 წლის 1 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, თუმცა რუსეთის ფედერაციის მხარე კონფლიქტის მხარედ აღიარა. თბილისის პრეტენზიების განხილვაზე უარის თქმის ძირითად მიზეზად დასახელდა ის, რომ ქართულმა მხარემ სარჩელი ისე შეიტანა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრას წინასწარ არ ეცადა. სარჩელი სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შევიდა.