თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი შეაჩერა, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა, განაცხადა უნგრეთის საგარეო ეკონომიკური კავშირებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირი „ყველაზე სერიოზულ გამოწვევას შეეჯახა, რაც მისი დაარსებიდან დღემდე ყოფილა“. მას მხედველობაში მიგრაციული კრიზისი ჰქონდა.
„გულწრფელი უნდა ვიყო: ევროპის კავშირი ჯერ კიდევ ეძებს გადაწყვეტილებას, უნგრეთმა თავისი ზომები მიიღო და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ლტოლვილების ნაკადი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჩერდა, რასაც მნიშვნელოვან წარმატებად მივიჩნევთ“, – განაცხადა სიიარტომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებისას.
2015 წლის ცხრანახევარი თვის განმავლობაში უნგრეთის სამხრეთ საზღვრები 383 ათასზე მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა. ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 710 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
უნგრეთის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი დაინტერესებულია რუსეთთან ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებით.
მან დასძინა, რომ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის არსებობის შემთხვევაში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვაც შესაძლებელია. „ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით წარმატებით დასრულებულმა მოლაპარაკებებმა დაამტკიცა, რომ თუ თანამშრომლობა იქნება, ყველაზე რთულ გამოწვევებსაც გადავლახავთ“, – განაცხადა უნგრეთის მინისტრმა.