თბილისი, 17 ოქტომბერი —Sputnik. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობით, რუსეთი დასავლეთის საქმეს აკეთებს.
„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ადგილი ფარულ გარიგებასაც ჰქონდეს, რადგან ცოტა საეჭვოა, რატომ დაიწყო რუსეთმა საომარი მოქმედებების განხორციელება სირიის ტერიტორიაზე დღეს, როდესაც ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან უკვე 4 წელია გასული“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ, თუ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით, რუსეთსა და აშშ–ს შორის პოზიციების დაახლოება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს სჭირდება რუსეთი და რაც შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს, იმისთვის, რომ მოითხოვოს გეოპოლიტიკური გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
„მოვლენების ყველაზე პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ამერიკისა და რუსეთის შესაძლო გარიგებამ. თუმცა, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ამერიკა საბოლოოდ დათმობს საქართველოს. უბრალოდ, შეიძლება, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მისი ინტერესის შესუსტება მოხდეს. თუმცა, ეს არის ყველაზე ნეგატიური სცენარი და იმედი მაქვს, რომ დასავლეთი მტკიცედ იდგება, საქართველოს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით“, –აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგს ამ ვერსიის შექმნის საფუძველს ოქტომბრის დასაწყისში, გაეროში ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლა აძლევს, რომელშიც მას აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორი საერთოდ არ უხსენებია.
„მან ახსენა უკრაინა, მაგრამ არ უხსენებია საქართველო. საქართველოს პრეზიდენტს ტყუილად არ უთქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა გაქრა ამერიკის პოლიტიკური რადარებიდან“, –განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგმა, ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ ნაკლებად ხისტი პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას არ გააგრძელებს.
კიდევ ერთი, შედარებით ოპტიმისტური ვერსია, რომელიც ნიკა ჩიტაძეს რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გააჩნია, არის ის რომ, შესაძლოა რუსეთს უწევს გარკვეული საფასურის გადახდა იმ სანქციების გამო, რომელიც დასავლეთმა დაუწესა.
„ჯერჯერობით შეინიშნება რუსეთის მხრიდან გარკვეული დათმობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დასავლეთის წინაშე. იმას ვგულისხმობ, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა უარი თქვეს არჩევნების ჩატარებაზე და ის მომავალი წლისთვის გადაიტანეს, რაც ალბათ რუსეთის კარნახით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ადგილი ჰქონდა სამხედრო ტექნიკის გაყვანასაც ორივე მხრიდან. თუ მანამდე რუსეთი დაინტერესებული იყო დაძაბულობის ესკალაციით, დღეს იქ ეუთო დამკვირვებლად მოგვევლინა სამხედრო ტექნიკის გაყვანის საქმეში“, –აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ნიკა ჩიტაძეს იმედი აქვს, რომ, მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, დასავლეთი გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებს რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებითაც.
„რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია, მაგრამ, შესაძლებელია, რუსეთმა, გარკვეულწილად, შეაჩეროს ამ ეტაპზე აგრესიული ქმედებები, თუ დასავლეთი მტკიცე იქნება “, – მიაჩნია პოლიტოლოგს.
რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ უკვე მნიშვნელოვნად გაანადგურა ტერორისტების შტაბები, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ქარხანა, საწვრთნელი ბანაკი და რიგი სხვა ობიექტებისა. დარტყმები საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბისგან მოწოდებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხორციელდება.
რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს საგრძნობი დანაკარგი აქვთ, ისინი ტაქტიკას ცვლიან და ძალებს დასახლებულ პუნქტებში ანაწილებენ. მათ სირიის ჯარებთან შეტაკებებში იარაღისა და ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგეს. „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალი ზოგიერთი დაჯგუფება უკვე მზად არის, საომარი მოქმედებების ზონა დატოვოს.