თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი სირიას ადრე უნდა დახმარებოდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს გარკვეული სამხედრო რესურსები გააჩნდა, მიიჩნევს კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი მამუკა არეშიძე.
რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ (ისისი) პოზიციებზე ავიადარტყმები პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით დაიწყო. ამასთან, კოალიცია აშშ–ის ხელმძღვანელობით სირიაში ისის–ის პოზიციებზე დარტყმებს 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს, გვერდს უვლის გაეროს უშიშროების საბჭოს და თავის ქმედებებს სირიის ხელისუფლებას არ უთანხმებს.
„მიმაჩნია, რომ რუსეთმა დააგვიანა, რადგანაც, თუ მას ასადის მხარდაჭერა სურდა, ეს მაშინ უნდა გაეკეთებინა, როდესაც ასადს გარკვეული სამხედრო რესურსები
ჯერ კიდევ ჰქონდა. ახლა ასადის მდგომარეობა უკიდურესად სავალალოა. ის, მიუხედავად მხარდაჭერისა, პრინციპში, შეიძლება მაინც დამარცხდეს, მით უმეტეს, თუ მხარდაჭერა მხოლოდ სამხედრო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას შეეცდება, მაშინ შეიძლება ავღანეთი გამეორდეს. ასე რომ, რუსეთს იქ გარკვეული დადებითი პერსპექტივები გააჩნია, მაგრამ ასევე არსებობს უარყოფითი პერსპექტივებიც“, — აღნიშნა არეშიძემ.
სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება მოსალოდნელი იყო, რადგანაც რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი. პირველი: უკრაინაში არსებული ვითარების გადაფარვა, ისის–თან ბრძოლაში მონაწილეობით დასავლეთის გარკვეული განწყობის დაბრუნება, და მეორე: რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო–პოლიტიკური გზით ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში დაბრუნება სურს, მიიჩნევს ექსპერტი.
„თუმცა არის გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკის გართულება შეუძლია. ძალზე ძნელია მოკავშირეების შერჩევა. სირია და ირანი ერთია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქურთების ფაქტორი, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა წლებში, დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა. ქურთებს კი ირანთან ერთად კოალიციაში ყოფნა არ უნდათ. არის კიდევ სხვა წინააღმდეგობები დასავლეთთან. რუსეთი საკუთარი კოალიციის შექმნას ცდილობს. ესეც დასავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიციას ეწინააღმდეგება. ასე რომ, წინააღმდეგობათა ეს ქვაკუთხედი რუსული პოლიტიკის წინსვლას ყოველთვის შეუშლის ხელს“, — აღნიშნა არეშიძემ.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 30 სექტემბერს მოიწონა გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების უცხოეთში, კერძოდ, სირიაში გამოყენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ სამხედრო–საჰაერო ძალების ოპერაციაზე, სახმელეთო ოპერაციები გამორიცხულია.
როგორც ოთხშაბათს, 30 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რვა ობიექტზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს და მთებში ისის–ის მართვის პუნქტები სრულად გაანადგურეს. სულ 20 გაფრენა შესრულდა. განადგურებულია ასევე საბრძოლო მასალების, შეიარაღების, საწვავ–საპოხი მასალების საწყობები. კონაშენკოვმა დასძინა, რომ „ყველა დარტყმა საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბისგან მოწოდებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ განხორციელდა“. მან აღნიშნა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და მათ სიახლოვეს რუსული თვითმფრინავები არ გამოყენებულა“.