თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. აშშ-ში ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში — „ოქტომბერი — ქართული ღვინის თვე“, მორიგი დეგუსტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
დეგუსტაციაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი, რომელიც ოქტომბრის თვეში ამერიკის მასშტაბით ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას — „ოქტომბერი — ქართული ღვინის თვე აშშ-ში“.
გასულ კვირას ანალოგიური ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა. დეგუსტაციების პარალელურად იმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. აღნიშნულ დეგუსტაციებსა და სემინარებს ასობით ღვინის პროფესიონალი და იმპორტიორბი ესწრება. მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეადარონ ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო.
პიარ-კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.
როგორც ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა აღნიშნა, ქართულმა ღვინომ პროფესიონალებისა და იმპორტიორების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
„აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა“, — ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აშშ-ში მეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებას, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს.
„ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას“, — იტყობინება სააგენტო.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებულია 181 937 ბოთლი ღვინო, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.