თბილისის, 15 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკულ კომპანიათა შორის საქართველოს პოპულარიზაციის თემაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა (Bruce Andrews).
ენდრიუსი თბილისში, დელეგაციასთან ერთად, აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც ხუთშაბათს გაიხსნა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ახალ აბრეშუმის გზაზე და მისი წარმატების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინონ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც საქართველოსაც ეხება და აშშ-საც. ეს ძლიან პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრა იყო“, — განაცხადა ენდრიუსმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში გაგრძელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ვერანდაზე, საიდანაც ამერიკელმა სტუმრებმა თბილისის ხედები დაათვალიერეს.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ინიციატივით პრემიერი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა. ფორუმი, რომლის ამოცანაცაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ადამიანთაშორის ურთიერთობების სფეროებში ახალი იდეების ძიებას ეძღვნება.
ფორუმში, რომელიც 16 ოქტომბერს დასრულდება, 32 ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და ასევე სამასამდე მსხვილი ჩინური კომპანია.
ღონისძიება წელს პირველად ტარდება. იგეგმება მისი ყოველწლიური გამართვა.