თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გახსნა.
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“.
„ ეს საქართველოს ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია და მოხარული ვართ, რომ ფორუმში მონაწილეობისთვის ჩამოხვედით. როგორც მოგეხსენებათ უძველესი აბრეშუმის გზა აზიასა და ევროპას აერთიანებდა. ეს იყო უნიკალური გზა, რომელიც გამოიყენებოდა ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის. იგი ხელს უწყობდა კულტურულ ურთიერთობებს და გამოცდილების გაზიარებას ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო ასეთი საერთაშორისო დისკუსიისთვის იდეალური პლატფორმაა, აღნიშნა პრემიერმა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთს და სამხრეთს. ჩვენი დღევანდელი ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება. საქართველოს სურს, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს და გახდეს ასევე თანამშრომლობის ცენტრი. საქართველო არის გარკვეული კარიბჭე ევროპისთვის აზიასთან დასაკავშირებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფორუმი 16 ოქტომბერს დასრულდება. მასში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.
ღონისძიება წელს პირველად იმართება, მაგრამ მომავალში მისი ყოველწლიურად ჩატარება იგეგმება.
„აბრეშუმის გზა უძველესი სავაჭრო გზაა. საუკუნეების მანძილზე ის ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით ააკავშირებდა. ახალი „აბრეშუმის გზის“ მშენებლობის იდეა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა 2013 წელს წამოაყენა. ამ გზამ ჩინეთი უნდა დაუკავშიროს ევროპის ქვეყნებს, განამტკიცოს აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა.