თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
„ამ პარლამენტმა და ამ მთავრობამ საკუთარი თავი ამოწურეს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია… თქვენი ბოლო ქმედებებით, თქვენ სამართლებრივი სივრცე დატოვეთ“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სერგო რატიანმა ორშაბათს, 5 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე.
ოპოზიციის უკმაყოფილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ორშაბათს, 5 ოქტომბერს, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქციის სამ მონაწილეს, რომელთაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატს დავით ლორთქიფანიძეს.
თავის მხრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა დაკავებაში თავად ენმ-ს მომხრეები არიან დამნაშავენი.
„როგორც კი თქვენ დაარღვევთ კანონს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები თავის ძველ მეგობრებს მოინახულებენ მატროსოვზე (ციხეში — რედ.შენიშვნა)“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
დაპირისპირება ლორთქიფანიძესა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შესასვლელთან დაიწყო, როცა დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები გაისმა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დეპუტატს რუპორი ესროლა, მეორემ კი მას პიჯაკი შემოახია. სიტუაციის დამშვიდება მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საპროტესტო აქცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ წარმომადგენლებმა გამართეს.
ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, რომელთა შორისაც არიან ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, სასჯელს თბილისის N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში — ე.წ. მატროსოვის ციხეში იხდიან.
ამ დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.
ასევე დაყადაღებულია ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონებაც, რომელიც „რუსთავი-2“-ში 51%-იან წილს ფლობს.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა თვლის რომ ხალვაშის სარჩელი უსაფუძვლოა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება — არაობიექტური.