თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დაყადაღებულია ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონება, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2–ის“ 51%–იან წილს ფლობს, იუწყება ქართული მედია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება „რუსთავი 2–ის“ ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ მიიღო, რომელიც სამოქალაქო რეესტრიდან მიღებულ დოკუმენტს ეყრდნობა. დოკუმენტი ადასტურებს, რომ 29 სექტემბერს „რუსთავი 2–ის“ 22 პროცენტიანი წილის მფლობელმა ლევან ყარამანაშვილმა კომპანია „საქართველოს“ მფლობელ დიმიტრი ჩიქოვანთან 100%–იანი წილის 400 ათას აშშ დოლარად გაყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
„ჩვენ ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გაყიდვის აკრძალვა მოვითხოვეთ და თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა“, —
გარიგების პირობების თანახმად, ჩიქოვანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2–ში“ 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
„მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი, ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო“, — აღნიშნა სალიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მოსახლეობას პირდაპირი ეთერით ტელეარხისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა სთხოვა.
„ის, რომ მაუწყებლობას განვაგრძობთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მაუწყებლობა შეგვეწყვიტა. დღეს არხის დახურვასთან ძალიან ახლოს ვართ, რადგანაც გადაგვიკეტეს ყველა ფინანსური არხი, რომლითაც ვსარგებლობდით“, — განაცხადა გვარამიამ ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს.
მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანიისთვის გადმორიცხული თითოეული ლარი მომავალში ჩადებული ინვესტიცია იქნება.
„პირველად ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვებრძვიან, მოგმართავთ დახმარებისთვის… დაეხმარეთ რუსთავი 2-ს და
მისი სახით ამ ქვეყანაში პლურალისტური მედიის და თავისუფალი აზრის შენარჩუნებას. ერთი ლარიც კი ჩარიცხული ამ ანგარიშზე არის სერიოზული ინვესტიცია თქვენი შვილების მომავალში. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის და ყველგან დავიცავთ თქვენს ინტერსებს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2–ის“ ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
სექტემბერში „რუსთავი 2–ის“ ყოფილი მფლობელის ადვოკატებმა საკუთარი მოთხოვნები გაზარდეს და საავტორო უფლებებისთვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს.