ღარიბაშვილი: სახელმწიფო „რუსთავი2“-ისთვის დავაში არ მონაწილეობს

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ტელეკომპანიის ქონება დაყადაღებულია, აკრძალულია ქონებრივი გარიგებების დადება. ტელეკოპანია ზარალდება, რაც, მისი იურისტების განცხადებით, 1,7 მლნ ლარამდე მიაღწევს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებულ დავაში კატეგორიულად უარყო.

 „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აუნაზღაურდეს საავტორო უფლებებისთვის 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე, დაუბრუნდეს ტელეკომპანიის უძრავი ქონება. ხალვაშმა სარჩელში ასევე სასამართლო გარჩევის დასრულებამდე ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღება მოითხოვა. ეს მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

 ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და ოპოზიციურმა  პარტიებმა ხალვაშის სარჩელი შეაფასეს, როგორც „რუსთავი2“-ის პოლიტიკით უკმაყოფილო მთავრობის შეკვეთა.

 „ამ საქმეში მთავრობის მონაწილეობა გამორიცხულია, როგორც არ უნდა ეცადოთ ამის წარმოჩენა. ჩვენი პოზიციაა,რომ ეს არის სამართალწარმოება ორ კერძო სუბიექტს შორის, რომელიც სასამართლოში უნდა გაგრძელდეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა სამშაბათს, 18 აგვისტოს.

 ამჟამად ტელეკომპანიის ქონება დაყადაღებულია, აკრძალულია ქონებრივი გარიგებების დადება. ტელეკოპანია ზარალდება, რაც, მისი იურისტების განცხადებით, 1,7 მლნ ლარამდე მიაღწევს.

 „რუსთავი2“-თან დაკავშირებული სარჩელი 2005-2006 წლებს ეხება, როდესაც, ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2005 წლის დეკემბერში კომპანიის 22% კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი ერთპიროვნულად ფლობდა. ხალვაშმა 2006 წელს დარჩენილი 78% ბიძინა ნიჟარაძის კომპანია „ჯეოტრანსს“ მიჰყიდა. ხალვაში ირწმუნება, რომ საკუთარი წილის გაყიდვა აიძულეს.

 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილის ტელევიზიაა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0