თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალოცია „ქართულ ოცნებას“ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციისათვის მზადებაში ადანაშაულებს.
ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გააკეთა. ექს-სპიკერმა არჩევნებს არაობიექტური უწოდა, რადგან არჩეულ კანდიდატს — ლევან კობიაშვილს ვიცე პრემიერი — კახი კალაძე უჭერდა მხარს, რომელიც 3 ოქტომბერს კენჭისყრის მსვლელობას ესწრებოდა.
„მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“, ნუ გექნებათ ილუზია, რომ თუ ისევე ჩაატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ფესბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარეთ, პროცესი ხავერდოვნად დასრულდება და თქვენ ვინმე გამარჯვებას მოგილოცავთ“, — განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგის მსვლელობისას ორშაბათს, 5 ოქტომბერს.
ბურჯანაძემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასა და დიპლომატიურ კორპუსს ყურადღება მიაქციონ საგანგაშო სიგნალებს.
"ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ეს ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. დღეს ყველას შეგვიძლია არ დავხუჭოთ თვალები არც ერთ ნიშანზე, რომელიც ამისკენ მიუთითებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება," — განაცხადა ბურჯანაძემ.
არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება, რომელმაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ შექმნა, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ქვეყანას ისევ მართავს, ოღონდ ამჯერად კულისებიდან. ივანიშვილმა დააარსა ამჟამად მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ და ის 2012–2013 წლებში ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იყო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება.