თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, დამნაშავე ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სამარიდან წამოყენებას,“ — განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, თბილისის ექს-მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან ხუთშაბათს, 17 სექტემბერს გათავისუფლების თაობაზე.
„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ატარებს ერთადერთ პოლიტიკურ კურსს, ეს გახლავთ არა ქვეყნის გამთლიანების და სამართლიანობის აღდგენის კურსი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლების, რეაბილიტაციისა და გაძლიერების კურსი“ — განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძემ პარასკევს, 18 სექტემბერს.
ბურჯანაძის თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამას მნიშვნელობა არ აქვს, „ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი“.
„თუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტერორის, დამცირების, დაყაჩაღების და წამების შემდეგ ახლა უკვე შეეგუოს ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ღალატს და მათი მხრიდან თითოეული ჩვენგანის დამცირებას, ჩვენ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვიბრძოდით ყოველგვარი გარიგებისა და შერიგების გარეშე, ნამდვილად არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და არ დავუშვებთ ხელისუფლებაში არც „ქართული ოცნების“ და მით უმეტეს არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც ვიცით რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვადგენთ სამართლიანობას ყოველგვარი რევანშის გარეშე და ქვეყანას შევძენთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს“,- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.
მიუხედავად ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ივანიშვილი დღემდე კულისებიდან მართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ იმით არის განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და ფულის გათეთრებას იმ პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია.