თბილისი, 18 სექტემბერი — — Sputnik. შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი, — ნათქვამი დიპლომატიური მისიის განცხადებაში, რომელიც პარასკევს, 18 სექტემბერს გაავრცელა, თბილისის ექს-მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ იმით არის განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა.
„ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს. სახელმწიფოსი, რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით“ — ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
გიორგი უგულავა პატიმრობიდან ხუთშაბათს, 17 სექტემბერს გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო განხილვა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს.