უშედეგო შედეგი, ანუ მხიარული თავყრილობა

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი: "ქართულ ოცნებას" ეს პროცესი უნდა დაეწყო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და განეხორციელებინა არა მარტო საკონსტიტუციო რეფორმა, არამედ სახელმწიფოს მართვის სისტემის სრული და ყოვლისმომცველი რეფორმირება.

 სულხან მელაძე                        

 მკითხველს შევახსენებ, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის მიწვევით შეკრებილმა ბომონდმა, მეტ-ნაკლები პომპეზურობით აღნიშნა კონსტიტუციის, — ქვეყნის ძირითადი კანონის მიღების საიუბილეო თარიღი — ოცი წლისთავი. იმ საღამოს მჭერმეტყველების აღლუმი იყო. რა არ მოვისმინეთ, ემოციებიც უხვად დაიფრქვა. ორატორები — საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თვით პრეზიდენტი (სიტყვით გამოსულთა რიგითობა დაცულია) —კონსტიტუციისადმი ერთგულებასა და ზოგადად მისი პრინციპების დაცვის მნიშვნელობის ახსნა-განმარტებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თუმცა იმ დიად და ნათელ საღამოს არავის არაფერი უთქვამს კონსტიუტუციის ახალი ვერსიის დასაწერად, 2013 წლის 4 ოქტომბერს რიონისპირა ქალაქში,უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით,შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ. თუმცა შესაძლოა, დაავიწყდათ, მაგრამ ვეჭვობ, ყველას ერთად შეპარვოდა ამნეზია. სათქმელი არაფერი იყო… ეს საკითხი არც მასობრივი ინფორმაციის ე.წ წამყვან საშუალებებს —  არც მაშინ და არც მას შემდეგ — არ გახსენებიათ. რადიოსტუდია,,სპუტნიკი-საქართველო“ ოყო ერთადერთი, ვინც მივიწყებული კომისიის ამბავი სწორედ 24 აგვისტოს, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთ შემოქმედთან ავთანდილ დემეტრაშვილთან საუბრისას მოიკითხა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: კონსტიტუცია ახალგაზრდებში პოპულარული უნდა გახდეს

 „კომისიაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები ერთმანეთში ჯერ ვერ თანხმდებიან“, — ბრძანა მაშინ ბატონმა ავთანდილმა და მანვე კომისიის მუშაობის პესიმისტური შედეგი იწინასწარმეტყველა.

 არის თუ არა პოლიტიკურ ძალთა შეუთანხმებლობა ძირითადი მიზეზი? რა შეიცვალა მას შემდეგ? რა პერსპექტივა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს? ამ კითხვებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრს, პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მივმართე.

 — ბატონო ვახტანგ, პარლამენტის დადგენილების თანახმად, კომისიას კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ 2014 წლის 1 სექტემბრამდე, შემდეგ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარედგინა. ორივე თარიღი უკვე წარსულია. შედეგი კი —  არ ჩანს, იყო თუ არა წინასწარ მოსალოდნელი ასეთი შედეგი?

 — კონსტიტუცია რომ გადასინჯვას საჭიროებს და თანაც საფუძვლიანს, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია და ამაზე არავინ დავობს; შესაბამისად, გასარკვევი ის იყო, თუ რა ვადებში და რა მასშტაბის ცვლილებები უნდა განგვეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობდა. საზოგადოების ერთ ნაწილს, მათ შორის მეც, მიაჩნდა, რომ,,ქართულ ოცნებას" ეს პროცესი უნდა დაეწყო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და განეხორციელებინა არა მარტო საკონსტიტუციო რეფორმა, არამედ სახელმწიფოს მართვის სისტემის სრული და ყოვლისმომცველი რეფორმირება. თუ გაზაფხულზე ბატონ ბიძინა ივანიშვილის "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუს გავიხსენებთ, მან ბრძანა: "ამომრჩეველისათვის მიცემული ყველა დაპირება შევასრულეთ, გარდა საკონსტიტუციო რეფორმისა და მასაც აუცილებლად განვახორციელებთო". ის მიიჩნევდა, რომ პირველ რიგში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება იყო აუცილებელი, ხოლო შემდეგ კონსტიტუციის გადასინჯვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. საწყის ეტაპზე კომისიამ საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო საქმიანობა; მაგრამ შემდეგ, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოცხადდა შესვენება, რამაც ბუნებრივია, შეუძლებელი გახადა 2014 წლის 1 სექტემბრისთვის, თუნდაც კონცეპტუალურ დონეზე, რაიმე სახის ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება. კომისიის წევრებში ენთუზიაზმი გაქრა და მუშაობა ინერციით გაგრძელდა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა და საზოგადოებამაც მთლიანობაში ვერ გააცნობიერა, რომ ჩვენ წინაშე არსებული, ლამის ქრონიკულად ქცეული, პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს მართვის ძველი მექანიზმებით შეუძლებელია! ყველა ის პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ მეტ-ნაკლები სიმწვავით კვლავაც წარმოჩნდება, ხოლო ხელისუფლებას მათი გადაჭრის მექანიზმი არ გააჩნია. ამიტომაც იყო აუცილებელი უპირველესად სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: კონსტიტუცია მაშინაა ცოცხალი, როცა ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის

— რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ კომისიის ფარგლებში მისთვის სასურველი პროექტის მიღების შანსი მმართველმა გუნდმა თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლის შემდეგ საბოლოოდ დაკარგა? 

 — სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რა სურს მმართველ კოალიციას, კომისიის მუშაობა თავისუფალ რეჟიმში მიმდინარეობდა და არ მახსენდება არც ერთი საკითხი, რომლის მიმართაც მმართველმა კოალიციამ დიდი ინტერესი გამოიჩინა. მუშაობა ე.წ სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობდა. კომისიას სრული შემადგენლობით არც ერთი საკითხი არ განუხილავს. ასე რომ, არა მგონია, კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატების გასვლა შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო. 

 - ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, გაგვანდეთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც კონსენსუსს ვერ მიაღწიეს?

 — როგორც გითხარით, კომისია სამუშაო ჯგუფებად იყო დაყოფილი და თითოეული ჯგუფი მისთვის განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობდა. ჯგუფის მუშაობის პერიოდში, ცხადია, იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მთლიანად კომისიის წინაშე არც ერთი ჯგუფის ნამუშევარი განსახილველად არ გამოსულა. ამიტომ არც კონსენსუსის საკითხი არ წამოჭრილა. კომისიაში პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან წარმოდგენილი არიან ძირითადი პილიტიკური ძალები. 

 - ე.წ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის შეთანხმება საკმარისი იქნება თუ არა შედეგის მისაღწევად. არსებობს თუ არა და თუკი არსებობს, როგორია მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ პარლამენტში, კომისიის გვერდის ავლით განხორციელების ალბათობა?

 - მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად დეპუტატთა 3/4 —ის მხარდაჭერაა საჭირო.  ხმების ეს რაოდენობა,,ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, ამიტომ ცვლილებების განსახორციელებლად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდება. თუ ეს მხარდაჭერა იქნება, მაშინ ცვლილებების განხორციელება რეალურია, ოღონდ, ასეთ შემთხვევაში ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა განიხილოს საკონსტიტუციო კომისიამ ეს ცვლილებები, ან რა სარგებლობას მოუტანს რომელიმე პოლიტიკურ ძალას ცვლილებების პირდაპირ პარლამენტში წარდგენა? სხვა საკითხია, თუ შეთანხმება არ არსებობს; ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიაში საკითხის განხილვა შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ე.წ პიარის მიზნით გამოიყენოს.

 — ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით კონსტიტუციის რა ნაწილში და რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს? 

- ჩემი აზრით, საჭიროა ყველა ძირითადი დებულების გადასინჯვა და დაზუსტება, რათა კონსტიტუციური მუხლების ორმაგი წაკითხვა თავიდან ავიცილოთ და იმგვარი უხერხულობები, როგორიცაა, მაგალითად პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული გაურკვევლობა, ან გიგი უგულავას წინასწარპატიმრობასთან დაკავშირებული პროცესები.


ყველა ახალი ამბავი
0