თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კონსტიტუციის მიღების მე–20 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონკურსი „ჩვენი კონსტიტუცია“ გამოაცხადა.
„ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო-სახალხო დოკუმენტი… რათა შევქმნათ და გავაძლიეროთ დემოკრატიული,სამართლებრივი სახელმწიფო“, — განაცხადა მარგველაშვილმა საზეიმო მიღებაზე 24 აგვისტოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაერთხელ ადანაშაულებდნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში და აცხადებდნენ, რომ ქვეყნის ძირითად კანონს უნდა ქმნიდეს საზოგადოება და არა პოლიტიკოსები.
მარგველაშვილის თქმით, კონკურსი „ჩვენი კონსტიტუცია“ ახალგაზრდებში ქვეყნის უმთავრესი კანონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი ახალგაზრდებში წარმოშობს კონსტიტუციის შესწავლის, კონსტიტუციაზე დებატებისა და საუბრების ახალ ტალღას“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მიიღეს. ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შევიდა — 2004–2012 წლებში, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებისა და პარლამენტის გაძლიერების შესახებ.
2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კონსტიტუციაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა. კოალიციას არ აქვს საკმარისი ხმები ძირითად კანონში ცვლილებების შესატანად და ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას ცვლილებების თაობაზე სააკაშვილის პარტიასთან ერთად იღებს. მთავარი ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა ძირითად კანონში, ეს პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება იყო.