თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მნიშვნელობას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტს- „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის".
პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. გრანტის მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს 300 ათასიდან 3 მილიონ დოლარამდე.
„დასრულდა გამოცხადებული კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც 16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა განაწილდეს. უკვე შემოსულია 70 განაცხადი,"-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებებნ დაიწყონ მოღვაწეობა პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.