თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ფონდმა „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველო“ პროფესიული განათლების განვითარებისათვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის საერთო ბიუჯეტი 12 მლნ აშშ დოლარია. კონკურსი პროექტ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში ტარდება, განაცხადეს ფონდში.
პროექტი Millennium Challenge Corporation (MCC) საქართველოსა და აშშ–ს მთავრობებს შორის გაფორმებული 140 მლნ დოლარის ოდენობის კომპაქტის ფარგლებში ფინანსდება და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
კონკურსის მიზანია ახალი საგანმანთლებლო პროგრამების ან უკვე არსებულების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განახლების დაფინანსება. ეს ეხება საინჟინრო, ტექნოლოგიურ, სასოფლო–სამეურნეო და ტურისტულ სექტორებს. გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს300 ათასიდან 3 მლნ აშშ დოლარამდე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო, კერძო პროფესიულ და ასევე უმაღლეს სასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც უკვე ახორციელებენ ან აპირებენ შეუდგნენ მოღვაწეობას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში.
განაცხადების შეტანის პროცესი ორ ნაწილად იყოფა: კონცეფციისა და სრული განაცხადის წარდგენა (პირველ ეტაპზე შერჩეული მაძიებლებისთვის). კონცეფციის პროექტის წარდგენის ბოლო ვადა 14 სექტემბერია.
პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საერთაშორისო კონსორციუმი ახორციელებს, რომლის წამყვანი ორგანიზაციაც არის გერმენული საკონსულტაციო კომპანია PEM Consult.
კორპორაციამ „ათასწლეულის გამოწვევები“ საქართველოს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებისათვის 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო. Millenium Challenge Corporation–ის მეორე კომპაქტს ხელი 2013 წლის 26 ივლისს მოეწერა.
კომპაქტი სამი პროექტისგან შედგება. ესენია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სამეწარმეო უნარებისა და სამუშაო ძალის განვითარება და უმაღლესი განათლება.
2005 წელს საქართველოსა და Millennium Challenge Corporation–ს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს საქართველოსთვის 295,3 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე. 2008 წლის ოქტომბერში თანხის კიდევ 100 მლნ დოლარით გაზრდა გადაწყდა. ხუთწლიანი პროგრამის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა.