თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რუსულ მხარეს თბილისსა და მოსკოვს შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.
ჯონდი ბაღათურია 7-დან 11 სექტემბრამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ რუსეთს სტრატეგიული თანამშრომლობა შევთავაზეთ… და პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - ეს არის ქართულ-რუსული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოამზადებს ორმხივი საერთაშორისო შეთანხმების პროექტს საქართველოსა და რუსეთს შორის მოკავშირეობაზე“, — განაცხადა ბაღათურიამ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა ამ პროცესში „გაამარტივებს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას“
„ორმხრივი შეთანხმება გარანტიაა და ჩვენ უნდა მივცეთ ეს გარანტიები რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ 25-30 წლის განმავლობაში არც ერთი სხვა ქვეყნის ჯარისკაცის ჩექმა არ დადგამს ფეხს საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთმა კი უნდა მოგვცეს გარანტია, რომ არც ერთი სხვა ქვეყნის ჯარისკაცის ჩექმა არ გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და ქართული მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან რომ საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა დაცული იყოს“, — აღნიშნა მან.
ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, რუსეთი გადახედავს მის მიერ აფხაზურ მხარესთან დადებულ შეთანხმებას „მეკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, რომელსაც 2014 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი, ასევე შეთანხმებას „მეკავშირეობასა და ინტეგრაციაზე“ სამხრეთ ოსეთთან, რომელსაც 2015 წლის ივნისში მოეწერა ხელი.
„შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შესაძლოა გადახედილ იქნას. მე ჩემი კოლეგებისაგან ვხედავ სურვილს, რომ უფრო დიდი შეთანხმება შედგეს. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, მაშინ (ამ ტერიტორიაზე —რედ.შენ.) რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა რაციონალური თვალსაზრისით საერთოდ აზრს კარგავს“, — აღნიშნავს ბაღათურია.
პოლიტიკოსს აუცილებლად მიაჩნია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა შეთანხმების მომზადების პროცესში.
„თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ამაზე, მაშინ მე წარმოვადგენ ისეთ კონფიგურაციასა და ისეთ პროექტს, რომელშიც რუსეთის ინტერესები მაქსიმალურად იქნება რეალიზებული კავკასიაში და ბაზების ყოფნა აქ აზრს დაკარგავს. ისინი უფრო მეტ გარანტიებს მიიღებენ ვიდრე ამ ბაზებს მოაქვს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით“, — თვლის „ქართული დასის“ ლიდერი.
მისი ინფორმაციით სახელმწიფო დუმაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ამ საკითხზე კონფერენციის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც რუსი კანონმდებლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სავარაუდოდ კონფერენცია ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს.