თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ აბდუ აბარიმ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტურ ზონაში – მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო, იუწყება РИА Новости.
სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>
პრობლემა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს და ამის შემდეგ განცხადება გააკეთეს.
„მათ (უშიშროების საბჭოს წევრებმა) უმკაცრესად დაგმეს ძალის გამოყენება და ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს“, – განაცხადა აბარიმ.
გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და წინაპირობების გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. საბჭომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ცენტრალურ როლს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
კონფლიქტის გამწვავება
სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.
რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.