თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 ყველაზე უკეთ თავს მაშინ გრძნობს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +8,72 გრადუსია ცელსიუსით, იუწყება South China Morning Post-ი ჩინელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
Coronavirus ‘highly sensitive’ to high temperatures, but don’t bank on summer killing it off, studies say https://t.co/2Cik1NFuP8
— SCMP News (@SCMPNews) March 8, 2020
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა ჰაერის მაღალი ტემპერატურისადმი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა ექსპერტებმა გააანალიზეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში იანვრის მეტეოროლოგიური მონაცემები და დაადგინეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს მაშინ აღწევდა, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა +8,72 გრადუსს შეადგენდა ცელსიუსით.
ამასთან, ჩინელი მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილ და ნოტიო ამინდს ნამდვილად შეუძლია COVID-19 დაასუსტოს და ნაკლებად გადამდებად აქციოს, არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ეპიდემია ზაფხულში თავისით, ავტომატურად ჩაქრება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დღეისათვის, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 7 155 და გამოჯანმრთელებულია 79 433 კაცი.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ასე გამოიყურება: ჩინეთი — 81 052 ინფიცირებული, იტალია — 27 980, ირანი — 14 991, ესპანეთი — 9 942, სამხრეთ კორეა — 8 320, გერმანია — 7 272, საფრანგეთი — 6 655, აშშ — 4 661, შვეიცარია — 2 330, დიდი ბრიტანეთი — 1 553, ნიდერლანდები — 1 414, ნორვეგია — 1 347, შვედეთი — 1 121, ბელგია — 1 058, ავსტრია — 1 018 ინფიცირებული.