თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინების ნაწილი ცხოველებზე ტესტირებას გადის, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით.
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაიწყეს >>
„ახლა უკვე რამდენიმე სახის ვაქცინა ტესტირებას ცხოველებზე გადის“, - განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა ჩჟან სინმინმა, რომლის გამოსვლას გაზეთი People's Daily აშუქებდა.
მან აღნიშნა, რომ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებს გარკვეული დრო დასჭირდებათ.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა. ამჟამად ავად არის 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 - რუსეთში.
რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.