რა მოხდება სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონში

გამოწერა
ამ სერიალმა ნახვების რიცხვით ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა - 16.5 მილიონი. ოქტომბრის ბოლოდან მერვე სეზონის გადაღებები იწყება და პრემიერის სავარაუდო თარიღად 2018 წლის ბოლო სახელდება

სატელევიზიო სერიალებთან ჩემი „მეგობრობა“ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ცენტრალურ ტელევიზიაში მათი ქართულად გახმოვანებაში ჩემი წვლილი შევიტანე. იმ დროიდანვე გამიჩნდა ლათინოამერიკული „საპნის ოპერებისადმი“ უარყოფითი დამოკიდებულებაც. თუმცა, ხარისხიანი ტელესერიალის გამოჩენისთანავე სიამოვნებით დავუთმე დრო და არც ვნანობ. ასეთი ჩემთვის „სამეფო კარის თამაშებია“, რომლის ეკრანებზე გამოჩენისთანავე აქტიური მაყურებლების რიგში ჩავეწერე და მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ სეზონს. აქედან გამომდინარე, ალბათ გასაგებია, რატომ დამაინტერესა ინტერნეტში გაჟონილმა ინფორმაციამ მერვე სეზონის შესაძლო ვერსიებზე, რომელსაც ფილმის გადამღები ჯგუფი მკაცრად ასაიდუმლოებს. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მაგრამ მანამდე ორიოდ სიტყვით თავად ამ სერიალზე შევჩერდები.

2011 წლიდან მოყოლებული მაყურებელმა 60-ზე მეტი სერია იხილა და თითოეული მათგანი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ „სამეფო კარის თამაშები“ მსოფლიოს საუკეთესო სერიალების სიაში საპატიო ადგილს მყარად ინარჩუნებს.

ფილმი გადაღებულია ამერიკელი მწერლის, ჯორჯ მარტინის ბესტსელერი საგის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“- მიხედვით. მისი პირველი ნაწილი 1996 წელს გამოქვეყნდა, მეხუთე და ამ დროისთვის ბოლო ნაწილი კი 2011 წელს.

უახლოეს მომავალში იგეგმება წიგნის კიდევ 2 ტომის გამოსვლა.

კიტ ჰარინგტონის პერსონაჟს ჯონ-სნოუ-ქეთელაური უწოდეს - Sputnik საქართველო
„სამეფო კარის თამაშების" ქართველი გმირები - ქართველი მარკეტოლოგების ფანტაზიები

ნაწარმოები ნათარგმნია მსოფლიოს 47 სხვადასხვა ენაზე და 2015 წლის მონაცემებით გაყიდულია  60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მწერალს საგის ფინალის შესახებ ინფორმაცია გამხელილი აქვს ფილმის პროდიუსერებისთვის.

ამით ავტორმა და პროდიუსერებმა მაყურებელი და საკუთარი თავი დააზღვიეს, რადგან იმ შემთხვევაში თუ მარტინი გადაღებების დასრულებამდე გარდაიცვალა, სერიალი დასასრულის გარეშე არ დარჩება.

თუმცა, მწერლის სიცოცხლეში, სერიალის ფინალის გამხელის უფლება პროდიუსერებს არ აქვთ. ჯორჯ მარტინი  აქტიურად ადევნებს თვალს სერიალის შექმნის პროცესს.მაგალითად, ტირიონ ლანისტერის როლზე პიტერ დინქლეიჯი სწორედ ავტორმა დაამტკიცა. ჯოფრი ბარათეონის როლის შემსრულებელს, ჯეკ გლისონს კი როლის წარმატებულად შესრულების აღსანიშნავად, ჯორჯ მარტინმა მისწერა წერილი „გილოცავთ, თქვენ ყველას ეზიზღებით“. რადგან პიტერ დიქლეინჯი ვახსენე აქვე გეტყვით, რომ სერიალის მიერ მოპოვებული უამრავი ჯილდოს ფონზეც, ყველაზე მეტი აღიარება სწორედ მან მოიპოვა- ორჯერ „ემმი“ და „ოქროს გლობუსი“ მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის. სერიალის მთავარი როლის შემსრულებლებს შორის არიან  ლეგენდარული ადამიანების ჩარლი ჩაპლინისა და ჩარლზ დიკენსის შთამომავლები:-მუნჯური კინოს ლეგენდის შვილთაშვილი, მსახიობი უნა ჩაპლინი რობ სტარკის მეუღლის, ტალისას როლს ასრულებს. ჩარლზ დიკენსის შვილთა-შვილთა-შვილი მსახიობი ჰარი ლოიდი კი პირველ სეზონში ვიზერის ტარგარიენს განასახიერებდა. მსახიობთა ოჯახის წევრებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მთავარი გმირი, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კიტ ჰარინგტონი და ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, იგრიდის განმსახიერებელი როუზ ლესლი, ფილმში დაწყებული მათი სიყვარული ცხოვრებაშიც გაგრძელდა და უახლოეს მომავალში წყვილი დაქორწინებას გეგმავს. გადაღებები ლამის მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა, ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა, მაგრამ როგორც პროდიუსერები ამბობენ მერვე სეზონზე მუშაობა დროში მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება რადგან უკვე ყველა მთავარი გმირი ერთადაა და მხოლოდ ერთი ჯგუფი იღებს.

კადრი ფილმიდან „სამეფო კარის თამაშები“ - Sputnik საქართველო
„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი ივლისში დაიწყება

ახლა დანაპირები სიუჟეტი, რომელიც ჰაკერებმა მოიპოვეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს:

ღამის მეფის მიერ გაცოცხლებული დრაკონი თავს ესხმის შავ ციხე-სიმაგრეს და გადაწვავს. ეურონ გრეინჯერი სამეფო ყურეში არმიით ბრუნდება; სემი გამოაცხადებს, რომ ჯონ სნოუ არის რკინის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე; ამას დაეთანხმება კოალიციის ყველა წევრი და ვესტეროსის ყველა ლორდი; არია სტარკი თავისი უჩვეულო გარდასახვის ნიჭის წყალობით, დაიმარტოხელებს ცერცეას,  ყელს გამოჭრის და თავად მიიღებს მის სახეს. ღამის მეფე თავს ესხმის ვინტერფელს.

 ეურონ გრეინჯერი შვიდი სამეფოს მეფე ხდება. მიცვალებულებთან ფინალურ ბრძოლაში ჯეინდრი შუბით კლავს ზომბი-დრაკონს. დეიენერისი გააჩენს შვილს და თავად იღუპება. ჯონ სნოუ „გრძელი ბრჭყალის“ მახვილით კლავს ღამის მეფეს. ბოლოს იმართება გადამწყვეტი ბრძოლა ეურონ გრეინჯერსა და ჯონ სნოუს მომხრეებს შორის. ომში იღუპებიან ეურონი, ჯეიმსი, ჯორაჰი და თავად სნოუ. დასკვნით სცენაში ნავში სხედან არია სტარკი და ძუ მგელი ნიმერია. ჩემთვის ცოტა მოულოდნელია მთავარი გმირის, ჯონ სნოუს დაღუპვასთან შეგუება, რადგან ის ალბათ ერთადერთი დადებითი პერსონაჟია მსახიობთა ამ უშველებელ გალერეაში.

რა თქმა უნდა ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება, რადგან პროდიუსერების თქმით ჯერაც არ გადაუწყვეტიათ არსებული რამდენიმე ვარიანტიდან რომელს აირჩევენ, მაგრამ იმავე ჰაკერების მიერ მოპოვებული მეშვიდე სეზონის ვერსია თითქმის სრულად დაემთხვა გადაღებულს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, ლოდინი კი სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომამდე მოგვიწევს.

 


ყველა ახალი ამბავი
0