18:02 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (327)
85 0 0

შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ალბათ დადგება მომენტი, როდესაც მთავრობა იმსჯელებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას>>

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვას და სხვა რამდენიმე რეგულაცია.

თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის დრო ეტაპობრივად მცირდება. ამჟამად ის 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს. მისი თქმით, სახმელეთო საზღვრები ახალი გახსნილია და ეპიდვითარებაზე დაკვირვებისთვის ორი–სამი კვირაა საჭირო, რომ შემდგომ „კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე იმსჯელონ.

მინისტრის თქმით, რადგან საზღვრების გადმოლახვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს.

„ორი კვირის თავზე ალბათ დაახლოებით გამოჩნდება – სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა, და მერე გვექნება საშუალება ეს (ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა) საერთოდ გავაუქმოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობას, თურნავას თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა.

„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა“, – თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, 15 ივნისიდან აღდგება თბილისი–ერევნის მატარებლის მოძრაობა, შეუფერხებლად გრძელდება თურქეთიდან საზღვარზე გადმოსვლა, ასევე ტურისტების რაოდენობა მომატებულია უკრაინიდან, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ როგორც საჰაერო, ისე შავი ზღვის გავლით. თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანს თავად აქვს აკრძალული საკუთარი მოქალაქეების ქვეყნის გარეთ გასვლა და ახლა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს თავიანთი მოქალაქეების შემოშვებაზე, წესების გამარტივებაზე მუშაობენ. მისი თქმით, დიდი იმედია, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა. 

საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ იხილეთ აქ.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (327)

მთავარი თემები