თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთის გასტრონომიულ ტურში მიიღო მონაწილეობა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
უწყების მონაცემებით, ტურის მიზანი გასტროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და კახეთის რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა.
გასტროტურში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია და ქართული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ექსკურსიის ფარგლებში ცნობილი მზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართა.
ნათია თურნავას თქმით, ახლა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფი აღდგეს და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც პანდემიამ გააჩინა, რადგან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან ტურისტულ ბაზრებს.
„ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, აგროტურიზმი საქართველოს შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ამაზე მიბმული ტურისტული შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს. მათ, ვინც არ არის აცრილი, საზღვრის კვეთა შეუძლიათ მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები ვალდებული იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) საკუთარი ხარჯით განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი. ლაბორატორიებში ტესტის ჩატარების საფასური 85-დან 125 ლარამდე მერყეობს.