00:17 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (284)
190 0 0

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ამოქმედდა ახალი პლატფორმა „იმუშავე საქართველოში“, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში დისტანციურ მუშაობას სთავაზობს. 

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების, რომლებსაც ქვეყანაში 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ. 

ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.

„საქართველოს მთავრობა უცხოეთის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობას აძლევს. ეს ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის ინოვაციური პროექტია. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში იმოგზაურონ, იმუშაონ დისტანციურად და, რა თქმა უნდა, აღმოაჩინონ ის უნიკალური ტურისტული ლოკაციები და ადგილები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ეს პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნება. ახალი პროექტით საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და, რაც მთავარია, მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩებიან, ვიდრე გასულ წლებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პროექტის თანახმად, საუბარია უცხოელების სამ კატეგორიაზე: თვითდასაქმებულები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები და მეწარმეები, რომლებსაც საშუალება ექნებათ stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაცია შეავსონ. მათ უნდა დაადასტურონ, რომ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და საქართველოში ყოფნის პერიოდში შეძლებენ ყველა გადასახადის გადახდას. პროექტში მონაწილეები 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებენ, ასევე სავალდებულოა პირს გააჩნდეს ჯანმრთელობის დაზღვევა.

პროექტი, ერთი მხრივ, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე. 

„პროექტის შემუშავებისას ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და მოხარული ვართ, რომ 30-მდე სასტუმრომ გამოხატა ინტერესი, ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში – როგორც კომერციული საკარანტინო სივრცე, რაც მათ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. კარანტინის დასრულების შემდეგ, მე-13 დღეს ეს ადამიანები სრულფასოვანი ტურისტები გახდებიან: შეუძლიათ იქირაონ ბინები, მოეწყონ კომფორტულ გარემოში, იმუშაონ დისტანციურად და იმოგზაურონ საქართველოში ხანგრძლივად. აღნიშნული პროექტით შესაძლებლობა გვაქვს გავხდეთ ერთ-ერთი უნიკალური მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტმა საერთაშორისო მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საერთაშორისო გამოცემებმა, მათ შორის Forbes-მა, New York Times-მა, Insider-მა სტატიები მოამზადეს საქართველოს ახალი ინიციატივის შესახებ.

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)

მთავარი თემები