თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair, რომლის ჩატარებაც 13-14 მარტს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" (Expo-Georgia) იგეგმებოდა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო გადაიდო. ეს ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს" საგამოფენო ცენტრის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გამოფენაში Caucasus Tourism Fair ყოველწლიურად დაახლოებით 100 კომპანია მონაწილეობს გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
გამოფენის მიზანია ტურიზმის ხელშეწყობა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზება, რეგიონში სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის განვითარებაში დახმარება.
„საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომ დროებით თავი შევიკავოთ მასობრივი ღონისძიებების გამართვისგან, 22-23 მაისისთვის არის გადატანილი. ამასთან, ამის შესახებ თავად ღონისძიების მონაწილეებმაც ითხოვეს", – განაცხადეს პრეს-სამსახურში.
„ექსპო-ჯორჯია" ერთადერთი ორგანიზაცია არაა საქართველოში, რომელმაც დროებით შეაჩერა მუშაობა. გარკვეული დროით დაკეტეს მაყურებლისთვის კარი თეატრებმა, მუშაობა შეაჩერეს მუზეუმებმა, უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების მეთოდზე გადადიან, რიგი სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების კვლავ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში მიღებულია პროფილაქტიკური ზომები და ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ გაუქმდეს მასობრივი ღონისძიებები.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა.