ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი

გამოწერა
ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანაში იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების მომზადება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ღვინის, კულინარიული, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარა ნაწილია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამბიციური გეგმებისა.

ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია, რომ 2025 წელს საქართველოში დაფიქსირდეს 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი, ხოლო შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ტურისტული სფეროს წარმომადგენლებთან, რომელსაც კერძო სექტორის დაახლოებით 350 წევრი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ავიაკომპანიების, კვების, განთავსების და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ობიექტების წარმომადგენლები.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება

შეხვედრაზე ქვრივიშვილმა დამსწრეებს გააცნო ტურიზმის სფეროს სტრატეგია და განვითარების ხედვა. მისი განცხადებით, დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, ასევე B2B პლატფორმის (ინტერნეტის მეშვეობით საბითუმო გაყიდვისთვის სპეციალურად შემუშავებული პროდუქტი - რედ.) განვითარება.

მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად ტურიზმის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი ტრენინგ-პროგრამების ჩატარებას გეგმავს. მის გეგმებშია ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარიული კვანძის შექმნა, დასვენების ადგილების აშენება და ა.შ.

ქვრივიშვილმა ასევე დააანონსა დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციების (DMO) გახსნა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები>>

გასულ წელს საქართველოს რეკორდული რაოდენობის უცხოელი ეწვია – 8,7 მილიონი. საერთო რაოდენობიდან ტურისტი იყო 66%, ანუ ეს ადამიანები ქვეყანაში თუნდაც ერთი ღამე დარჩნენ.

ტურისტებმა საქართველოში 2018 წელს დახარჯეს 7,9 მილიარდი ლარი, ანუ 3,2 მლრდ დოლარი. წინასწარი მონაცემებით, შემოსავლების წილი ტურიზმიდან ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 19,6%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0