თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისი Forbes-ის ვებგვერდზე დასახელდა როგორც მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება.
სტატიის ავტორი ეყრდნობა ტურიზმის სფეროს ექსპერტთა აზრს და ასახელებს რვა ქალაქსა და პროვინციას, რომელიც ჯერჯერობით არ ქცეულა ცნობილ ტურისტულ მიმართულებად, მაგრამ უახლოეს მომავალში ასეთი პერსპექტივა გააჩნია.
„პრაღის ნაცვლად თბილისი“ — სწორედ ასეთი სათაურით იწყება სტატია საქართველოს დედაქალაქის შესახებ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი სთავაზობს მოგზაურებს გაეცნონ ქალაქის მდიდარ ისტორიას, მის ოსმანურ, სპარსულ და საბჭოურ ელემენტებს, აქ შესაძლებლობა ექნებათ შეეხონ ზღაპრულ არქიტექტურას და გოგირდის აბანოებით დატკბნენ.
„თბილისში იხსნება ახალი ბარები, რესტორნები და ხელოვნების მუზეუმები. ქალაქში ვითარდება ინფრასტრუქტურა და სასტუმრო ბიზნესი. ქვეყანას გააჩნია მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და განსაკუთრებული სამზარეულო“, — ციტირებს Forbes-ი ჯონი ბილბის სიტყვებს Wild Frontiers-იდან, რომლის კომპანია საქართველოში რამდენიმე ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს.
თბილისთან ერთად სიაში მოხვდა ჰუსაფელი (Húsafell, ისლანდია), ლეჩე (იტალია), მალდონადო (ურუგვაი), ანდალუსია (ესპანეთი), სამხრეთ კამბოჯა (ინდოჩინეთს ნახევარკუნძული), ისტრია (ადრიატიკის ზღვის ნახევარკუნძული) და კუელაპი (პერუ).