23:15 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (548)
1285 0 0

თუ გათხოვილი და გასათხოვარი ქალების დიალოგს მიუგდებთ ყურს, აღმოაჩენთ, რომ ფრაზა „ერთი კაი კაცი გინდა ახლა შენ და ნახავ, როგორ დაგილაგდება ცხოვრება“, ძალიან ხშირად ისმის.

თუმცა, იმის თქმა, თითქოს ყველა დაოჯახებული ქალის მეორე ნახევარი „კაი კაცების“ კატეგორიას მიეკუთვნება, მთლად გამართლებული არ არის.

იცით კი, რა ხილია ეს „კაი კაცი“? ვინმეს უნახავს ახლოდან? ვინმემ იცის, რომელ ნაკრძალში ზრდიან ისეთ უიშვიათეს ეგზემპლარებს, რომლებსაც სულ რამდენიმე დღეში, საათში ან, სულაც, წუთში ძალუძთ ვინმეს ცხოვრების აწყობა-დალაგება?

რაღაც ისე მგონია, რომ „კაი კაცის“ ძებნაში ქალებს არაერთი, უკაცრავად პასუხია და, ტუტუცის „გასინჯვა“ უწევთ. ეს მტკივნეული ტრენინგიცაა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რაც ქალებს ასწავლის შემდეგს: თუ კაცმა „მოახერხა“ და პირველსავე ოცდაათ წამში შექმნა ვითარება „ვაიმე, შოკში ვარ!“, 31-ე წამზე ქალი ისეთი სისწრაფით უნდა მოწყდეს ადგილიდან, რამდენის განვითარების საშუალებასაც მისცემს ფეხსაცმლის ქუსლები. ხოლო თუ მამაკაცი პირველსავე წუთებში მოახერხებს „კაი კაცის“ შთაბეჭდილების მოხდენას, ქალის თავში მყის მტაცებლურ-მომხვეჭელური ინსტიქტი უნდა ამუშავდეს — ოღონდ აუცილებლად ავაზისებური „ხვატკის“ ელემენტებით, რადგან აშკარაა, რომ „კაი კაცები“ „დეფიციტში არიან“.

„კაი კაცის“ პირველ ნიშნად ამ საქმის ზოგ „ექსპერტს“ პირად შიშებთან გამკლავების უნარი მიაჩნია. არავინ ითხოვს კაცისგან, რომ იყოს „უშიშარი, ვითარცა უხორცო“, არავის სჭირდება გვერდით მოჩვენებითი ვაჟკაცი, რომელსაც სინამდვილეში კბილის ექიმისაც ეშინია, ავარიისაც, ლოგინში მარცხისაც და კიდევ სხვა უამრავი რამის. განსხვავება ისაა, რომ „კაი კაცი“:

  • მართალია, კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც წავა ექიმთან და საქმეს „სასწრაფოს“ გამოძახებამდე არ მიიყვანს;
  • თუ დასჭირდა, ფულის ეკონომიასაც ისწავლის და მეტის შოვნასაც შეეცდება; 
  • მანქანის საჭესთან მთვრალი კი არა, ოდნავ ნასვამიც კი არ დაჯდება;
  • გააცნობიერებს, რომ სექსში ხანდახან მარცხიც „მოსულა“…

თანაც ამ ყველაფერს საკუთარ პრობლემად აღიქვამს და არავის გადააბრალებს, არავის დაადანაშაულებს, მე რაც მჭირს, ეს ამისა და იმის ბრალიაო.

მეორე ნიშანი — ეს ფიზიოლოგიისადმი მშვიდი დამოკიდებულებაა. ისე არ გავიგოთ, თითქოს ამაში ისეთი ტიპები იგულისხმებიან, კვირაში ერთხელ რომ ბანაობენ და ოფლისა თუ ნივრის სუნს საუკეთესო აფროდიზიაკად მიიჩნევენ. არა, აქ ლაპარაკია იმათზე, ვისაც ქალის ციკლი, ბავშვის ფაღარათი ან პირღებინება ტრანსში არ აგდებს. „ექსპერტების“ დაკვირვებით, სწორედ ასეთი არაჭირვეული და არაფხუკიანი კაცები არიან საუკეთესო საყვარლები, ვინაიდან ქალს ისეთს იღებენ, როგორიც არის და არ ცდილობენ მათი ფიზიოლოგიის საკუთარი ბაქტერიოფობიისთვის მორგებას.

მესამე ნიშანი: „კაი კაცმა“ შესანიშნავად იცის, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან, რომ ქალი ემოციური, რთული და ამოუცნობი არსებაა. ამიტომაც პრეტენზიების სიას კი არ უყენებს თავის ქალს, არამედ აძლევს საშუალებას – იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამაშია სქესთა შორის ურთიერთობის მთელი მომაჯადოებლობა.

მეოთხე ნიშანი: „კაი კაცმა“ ზუსტად იცის, როდის რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ეძინება? დაიძინებს. შია? შეჭამს. აღარ უნდა დალევა? აღარ დალევს… მოკლედ, როგორც რუსები იტყვიან: „მუჟიკ სკაზალ, მუჟიკ სდელალ!“ ასეთი კაცები სწრაფად ხვდებიან, რაშია პრობლემა და მათთვის თავგზის არევა არც ისე იოლია.

მეხუთე ნიშანი: ფულის ხარჯვა-ეკონომიის ცოდნა. „კაი კაცი“ აზარტული თამაშების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან, პუშკინის გერმანისა არ იყოს („ყვავის ქალი“), კარგად ესმის – ზედმეტის მოხვეჭის იმედად აუცილებლის გარისკვა, თუ „დიდი ფულის“ პატრონი არ ხარ, სისულელეა.

მეექვსე ნიშანი: „კაი კაცი“ არ იტყუება! არაფერში სჭირდება და იმიტომ. არც იმას დამალავს, ცოლი თუ ჰყავს და არც იმას, სად, ვისთან და როდის დადის. მარტივია არა? თავიდანვე სიმართლეს იტყვის და მერე აღარაფერში სჭირდება თავის მართლება და გარჩევები.

მეშვიდე ნიშანი: „კაი კაცი“ მოსკანდალე ტიპებთან უცებ აგვარებს საქმეს. თუ ვინმემ გაბედა და რამე უკადრისი აკადრა, სამი ნაბიჯის პრინციპით იწყებს მოქმედებას: ჯერ მოაკეტინებს, მერე მიზეზს ჰკითხავს და მერე უცებ ხსნის პრობლემას — რა მეთოდით, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა სახისაა ეს პრობლემა. მოკლედ რომ ვთქვათ, „კაი კაცთან“ სკანდალი არ გამოდის.

მეშვიდე ნიშანი: „კაი კაცი“ გრძნობებს არ გაურბის. კიდეც უყვარდება და კიდეც აყვარებს თავს. სხვათა შორის, ასეთები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ რომანტიკული სიყვარულის უნარს. ასეთი კაცი თავის ქალს სხვების დასანახად კი არ უვლის და უფრთხილდება, მართლა ხელისგულზე ატარებს.

მეცხრე ნიშანი: შეცდომის აღიარების უნარი. „კაი კაცმა“ ზუსტად იცის, რომ გვარიშვილობას არავინ ჩამოართმევს, თუ გამოტყდება, აი, ეს შემეშალა, ამაში მივქარეო და პატიებას ითხოვს. თან იმასაც შეეცდება, რომ მსგავსი აღარ გაიმეოროს.

მეათე ნიშანი: „კაი კაცი“ შვილებზე „გადამკვდარი“ მამაა. ვერც ცოლთან გაყრა, ვერც უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ვერც ყოფილი ნათესავების თავგამოდებული წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, იყოს მამა. ის მამაა და მორჩა!

მამაკაცს მოღალატეობა სახეზე აწერია: მეცნიერები ასახელებენ ნიშნებს>>

აი, ასეთია ქართველი ქალის საოცნებო „კაი კაცის“ აუცილებელი ათი ნიშანი… თუმცა, რატომ მხოლოდ ქართველი ქალის და რატომ მხოლოდ ათი? ასეთ კაცებზე არც სხვა ერის წარმომადგენელი ქალბატონები იტყოდნენ უარს და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენ ნიშანს დაამატებდნენ აქ ჩამოთვლილს.

ისე, არ გაინტერესებთ, კიდევ რას ითხოვენ ქალები „კაი კაცისგან“? იქნებ გვემსჯელა ამაზე? 

თემები:
სასარგებლო რჩევები (548)

მთავარი თემები