09:01 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (445)
41820

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ტრავმის მართვის ინსტრუქტორი არჩილ მარშანია

ფეიერვერკი – ახალი წლის ტრადიციაა. შაშხანებისა და სხვადასხვა ასაფეთქებლების გამოყენებით ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვეგებებით. ერთობ ლამაზ სანახაობას რომ მძიმე შედეგები არ მოჰყვეს, მეტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ სწორად და როგორ მოვიქცეთ უხარისხო პიროტექნიკით გამოწვეული უბედური შემთხვევისას.

უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისა და არსებული რისკის შემცირებისთვის აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა და ცოდნა, თუ როგორ გავუწიოთ დაშავებულს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. საქართველოში მრავლადაა ის ტრენინგ-ცენტრები, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეასწავლიან პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს. პირობების დარღვევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მის ხარისხზე, მაგალითად, არ იმოქმედოს ან გვიან მოვიდეს მოქმედებაში და გამოიწვიოს სავალალო შედეგები. შესაბამისად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ ხარისხიან პიროტექნიკას, სადაც მითითებულია ვადა, შენახულია სწორ პირობებში, მოჰყვება მოხმარების წესები თქვენთვის გასაგებ ენაზე და გამოიყენეთ მხოლოდ ამ წესების შესაბამისად.

დღესასწაულის დროს მოსახლეობა დიდი რაოდენობის პიროტექნიკას იყენებს და აქედან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ღამეს ათობით დაშავებული მიუყვანიათ სამედიცინო დაწესებულებებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ყოველწლიურად გასცემს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების რეკომენდაციებს:

  • არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;
  • სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;
  • გაეცანით პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;
  • თავისუფალი გაყიდვისთვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე შეინახეთ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
  • პიროტექნიკის უყურადღებო გამოყენებამ შეიძლება შენობების დაზიანება გამოიწვიოს. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას.

რაც შეეხება უბედურ შემთხვევებს და პირველად დახმარებას, სანამ დაზარალებულის დახმარებას დაიწყებთ, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარ უსაფრთხოებაში – რომ განმეორებითი აფეთქება აღარ არის მოსალოდნელი, და შემდეგ დაიწყეთ დახმარება.

აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ოპერატორს ვესაუბროთ მშვიდად და აუღელვებლად, გავცეთ ყველა შეკითხვას პასუხი.

პირველადი დახმარება დამწვრობისას:

როგორ არ მოვიქცეთ – პრეჰოსპიტალურ დონეზე, სანამ საავადმყოფოში მივალთ, დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ყინულების გროვას, ზეთს, შარდს ან მაწონს, და, მეტიც, არც რაიმე მალამოს გამოყენებაა რეკომენდებული.

როგორ მოვიქცეთ – აუცილებელია წვის პროცესის შეჩერება, რასაც მივაღწევთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჭრილობის ჩამორეცხვით რამდენიმე წუთის განმავლობაში. აუცილებლად მოვაშოროთ სამკაულები დაზიანებულ კიდურზე და ტანსაცმელი დაზიანების ადგილზე, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოშორდეს და შევახვიოთ სტერილური მშრალი ნაჭრით.

დამწვრობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ კანის ლოკალური დაზიანება, რადგან ამ დროს უჯრედულ დონეზე ხდება ისეთი ნივთიერებების გამოყოფა და სისხლში გადასვლა, რაც ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. შესაბამისად, დამწვრობა საბოლოოდ უნდა შეაფასოს ექიმმა და მკურნალობის ტაქტიკაც მან უნდა გვირჩიოს.

სისხლდენები – პიროტექნიკით დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი სახის სისხლდენა, განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რომელიც გამოირჩევა პულსირებადი ხასიათით, არის წითელი შეფერილობის და ძლიერი ნაკადით მოედინება.

როგორ არ მოვიქცეთ – დაუშვებელია ჭრილობის მოწვა, ან თუთუნის დაყრა და მსგავსი გავრცელებული მითების გამოყენება.

როგორ მოვიქცეთ – მოახდინეთ ჭრილობის ვიზუალიზაცია და გადადით სისხლდენის შეჩერებაზე.

სისხლდენის კონტროლი შედგება ორი საფეხურისგან: პირდაპირი ზეწოლა ჭრილობაზე და ლახტი.

პირველი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა გავაკეთოთ, არის პირდაპირი ძლიერი ზეწოლა სისხლმდენ ჭრილობაზე, და თუ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, შემდეგ ლახტი ჭრილობის ზევით (ლახტი – სპეციალური მოწყობილობაა სისხლის შესაჩერებლად, მისი სწორად გამოყენებისთვის უმჯობესია ყველამ გაიაროს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი).

ამპუტაცია – ამპუტაციების დროს, გარდა იმისა, რომ სხეულის გარკვეული ნაწილის მოწყვეტა ხდება, ძირითად პრობლემას წარმოადგენს სისხლდენა. უნდა მოხდეს სისხლდენის შეჩერება, ხოლო საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას ამპუტირებული ნაწილიც უნდა წაჰყვეს დაზარალებულს.

მოგიწოდებთ: პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

თემები:
სასარგებლო რჩევები (445)

მთავარი თემები