არ გამოგეპაროთ! მელანომა შეიძლება წლის ნებისმიერ სეზონზე გაჩნდეს – ექიმის რჩევები

CC0 / Pixabay / ხალები ქალის სხეულზე
ხალები ქალის სხეულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსაზრება, თითქოს მელანომის პიკი ზაფხულზე მოდის, მართებული არ არის. მართალია, კანის ულტრაიისფერ დაზიანებას პლაჟებზე უფრო ხშირად იღებენ, მაგრამ ეს შეიძლება წლის სხვა დროსაც მოხდეს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ულტრაიისფერი სხივები, რომლითაც სიამოვნებას ვიღებთ ცხელ მზეზე ან სოლარიუმში წოლის დროს, ლამაზ რუჯს გვჩუქნის, მაგრამ კანს აზიანებს, იწვევს დაბერებასა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების განვითარებას, აცხადებს ონკოდერმატოლოგი, მელანომის, კანის სიმსივნეებისა და სარკომების დიაგნოზისა და მედიკამენტური მკურნალობის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი იგორ უტიაშევი.

ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო
მეთოდი ABCDE: როგორ დავადგინოთ კანის კიბო ადრეულ ეტაპზე

იმ დაავადებებს შორის, რომელთა განვითარებაც ყველაზე ხშირად გარუჯვის გადაჭარბებული სიყვარულითაა გამოწვეული, გვხვდება: კანის მელანომა, ბაზალურუჯრედული და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.

რისკის ჯგუფები

ყველაზე ხშირად კანის მელანომით ავადობენ ადამიანები:

  • კანის I და II ფოტოტიპებით. ანუ ღია ფერის კანის მქონეები — ძირითადად ქერები და წითურთმიანები;
  • ვისაც სიცოცხლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბავშვობაში, არაერთგზის აქვს გადატანილი მზით დამწვრობა. ამავე კატეგორიაში შედიან სოლარიუმების მოყვარულები;
  • ვისაც ნათესავებს შორის ჰყავს მელანომით ან კანის სიმსივნით დაავადებული;
  • ვინც მრავლობითი დისპლაზიური ნევუსის (დიდი ზომის ხალი) სინდრომით იტანჯება, რომელიც დაკავშირებულია კანის ოჯახურ მელანომასთან (FAMMM სინდრომი);
  • ვისაც სხეულზე ხალების დიდი რაოდენობა აქვს — დაახლოებით 50-100-ზე მეტი;
  • ვისაც გიგანტური თანდაყოლილი ნევუსები აქვს.

საშიში სეზონი —  მთელი წელი

ზოგი ფიქრობს, რომ მელანომის პიკი ზაფხულზე მოდის. მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია, კანის ულტრაიისფერ დაზიანებას პლაჟებზე უფრო ხშირად იღებენ, მაგრამ ეს შეიძლება წლის სხვა დროსაც მოხდეს. საქმე ისაა, რომ დაავადება ერთ მომენტში კი არ ვითარდება, არამედ თანდათანობით.

მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო
ადამიანის კანს ტვინის მსგავსი უნარები აქვს: სენსაციური აღმოჩენა

საუბარია ე.წ კუმულაციურ ეფექტზე, როდესაც მელანომის განვითარების რისკი მთელი ცხოვრების განმავლობაში გროვდება, რაც დამოკიდებულია მზით დამწვრობის რაოდენობაზე ან სოლარიუმში ვიზიტებზე.

ამიტომ სიფხიზლეა საჭირო არა მხოლოდ საზაფხულო არდადეგების შემდეგ, არამედ მთელი წლის განმავლობაში, რადგან მელანომა, ჩვეულებრივ, რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება.

ზაფხულობით კი აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები დაცვის 30-მეტი დონით (SPF) და თავიდან წაისვით ის ყოველი ბანაობის შემდეგ. ამასთან, აუცილებლად ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და სათვალე. არ გახვიდეთ პლაჟზე დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, რადგან ამ დროს მზე ყველაზე აქტიურია და შეიძლება დაუცველი კანის დამწვრობა უკვე 15-20 წუთში გამოიწვიოს.

უჩვეულო ლაქა

განვითარების პროცესში მელანომა, როგორც წესი, რამდენიმე სტადიას გადის. თავდაპირველად ჩნდება ბრტყელი ლაქა არათანაბარი საზღვრებითა და ფერით. ეს ლაქა რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება, მერე კი მასზე კვანძი ჩნდება, რასაც სისხლდენა და ზოგჯერ ქავილიც ახლავს.

ყველაფერი სოლარიუმის შესახებ: ვის ეკრძალება სოლარიუმში რუჯის მიღება>>

თუმცა არსებობს სიმსივნის კიდევ ერთი, განსაკუთრებული სახეობა — კანის კვანძოვანი მელანომა, რომელიც იმთავითვე კვანძის სახით წარმოიქმნება და სწრაფად იზრდება — სულ რამდენიმე თვეში საკმაოდ დიდი ხდება.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კანის მელანომა ადამიანმა რაც შეიძლება ადრე მოიშოროს, ანუ ბრტყელი ლაქის ეტაპზევე, როდესაც სიმსივნის უჯრედები ჯერ კიდევ არ არის კანში ღრმად შეღწეული და მეტასტაზების გავრცელება არ დაწყებულა.

იმისათვის, რომ ეს საშიში დაავადება არ გამოგეპაროთ, კანზე თითოეულ ახალ წარმონაქმნს უნდა დააკვირდეთ. ექიმისთვის ხალის ჩვენების მიზეზი უნდა იყოს არა მარტო მისი შეცვლა (ზომა, ფორმა, ფერი) რამდენიმე თვის ან თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში, არამედ ახალი ხალის გაჩენაც.

ყველა ახალი ამბავი
0