09:35 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (366)
43510

საქართველოს კანონმდებლობა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ქალებისთვის გარკვეული სახის შეღავათებს ითვალისწინებს. თუმცა, არა მარტო ქალებისთვის.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით აგიხსნათ, რას ნიშნავს შვებულება ორსულობისა და  მშობიარობის გამო. ასევე,  რას გულისხმობს შვებულება ბავშვის მოვლის გამო, ვის შეიძლება მიეცეს იგი და რამდენი ხნით, ან რას ითვალისწინებს კანონმდებლობა შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ორსულების შრომით უფლებებთან დაკავშირებით „საქართველოს შრომის კოდექსში“ გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა.

ანაზღაურებადი შვებულება

„საქართველოს შრომის კოდექსის“ მიხედვით, დასაქმებულ ქალს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე,  ორსულობისა და  მშობიარობის გამო ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით (ნაცვლად 183 კალენდარული დღისა ), ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით (ნაცვლად 200 კალენდარული დღისა). მას ანაზღაურებადი შვებულება შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის მიხედვით,  ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

ასევე,  დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შვებულების გამოყენება მთლიანად ან ნაწილობრივ შეუძლია გამოიყენოს ბავშვის დედამაც და მამამაც.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას ვალდებული ხართ,  2 კვირით ადრე გააფრთხილოთ დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ.

რაც შეეხება ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულებას, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ასაკის ბავშვი, უფლება აქვს ისარგებლოს შვებულებით ბავშვის დაბადებიდან (და არა ბავშვის შვილებიდან) 550 კალენდარული დღის ოდენობით (ანაზღაურებადია მხოლოდ 90 კალენდარული დღე).

დასაქმებულს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, აგრეთვე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა, შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

ფულადი დახმარება

ქალის უფლება, ისარგებლოს ანაზღაურებადი ე.წ. დეკრეტული შვებულებით ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შრომის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელოვანი გარანტიაა. ამ უფლებით სარგებლობისას დასაქმებულისთვის ფულადი ანაზღაურების გაცემის ვალდებულება  „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ აკისრია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დახმარების გაცემის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია, თუმცა,  უნდა აღინიშნოს, რომ, თუკი, ხელფასი თვეში 150 ლარზე ნაკლები გაქვთ ანაზღაურების სახით, უფრო ნაკლებ თანხას მიიღებთ.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალს, გარდა ამ 1000 ლარისა, დამსაქმებლისგან ასევე ეძლევა კომპენსაცია შვებულების პერიოდში მისაღები ხელფასის სრულ ოდენობამდე შესავსებად. 

რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალს, რომელიც დეკრეტული შვებულებით სარგებლობს, მისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დამსაქმებელს არ გააჩნია და კომპენსაციის გაცემა მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო სექტორში დასაქმებულმა შესაძლოა მიიღოს კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ამის თაობაზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობს ზეპირი ან წერილობითი შეთანხმება.

ფულადი დახმარების მისაღებად, დასაქმებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს  შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა მივიდეს და შემდეგი სახის დოკუმენტაცია წარადგინოს: 

• პირადობის მოწმობის ასლი; 

• საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად;

•  დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; 

• საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში საავადმყოფო ფურცლის (ე.წ. ბიულტენი) დახურვიდან, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, ასევე, 6 თვის განმავლობაში შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

დამატებითი შესვენება

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. დამსაქმებელთან შეთანხმებით, დამატებითი შესვენების დრო შესაძლოა აღემატებოდეს 1 საათსაც.

აღნიშნული დროით ქალს შეუძლია ისარგებლობის სამუშაო საათების ნებისმიერ მონაკვეთში. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურებადია.

დამატებითი შვებულება

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს, რომელიც არის 5 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი, ბავშვის მოვლის გამო უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება წელიწადში არანაკლებ 2 კვირის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს 12 კვირისა, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. აღნიშნული შვებულებით დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს უწყვეტად, ან ნაწილ-ნაწილ.

ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს იმ დასაქმებულსაც, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, მაგალითად, მამას.

მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა საჯარო მოხელე ქალისთვის

საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალს ფეხმძიმობის პერიოდში, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურებრივი პირობების დროებით შემსუბუქება ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დროებით გადაყვანა, გარდა კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობისა.

დასაქმების აკრძალვა

კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს, უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის, ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აკრძალულია ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, თანხმობის მიუხედავად, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, დადოს შრომითი ხელშკრულება ორსულ ან მეძუძურ ქალთან.

ასევე, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება  მისი თანხმობის გარეშე. მართალია, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებისთვის ორსული ან ახალნამშობიარები ქალისგან თანხმობის მიღება საჭიროა.

აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22:00 – 06:00სათამდე) ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმებაც, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის დასაქმებისთვის აუცილებელია მისი თანხმობა.

სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება

ორსულ ქალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი დრო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთვის, თუ ეს გამოკვლევა სამუშაო დროის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.  მას სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები, ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აკრძალვა

დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შემდეგ შეთხვევებში: 

- ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები,რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას

- დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან

- ხანგრძლივი შრომისუუნარობისას

- გაფიცვის უკანონოდ ცნობისას

- დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისას

- სხვა ობიქეტური გარემოების არსებობისას, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების შეწყვეტას.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (366)

მთავარი თემები