თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რისკის ჯგუფს აკუთვნებს ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ხანდაზმულ ადამიანებს.
სიტუაცია თბილისის კლინიკებში - კორონავირუსი ორსულს დაუდგინდა >>
ჯანმო აცხადებს, რომ СОVID-19 ჯანმრთელი ორსულებისთვის საშიში არ არის, თუმცა წარმოადგენს საფრთხეს ქალებისთვის ქრონიკული დაავადებებით, რაც უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასუნთქ გზებს, დიაბეტს, ენდოკრინულ დარღვევებს ან ონკოლოგიას.
ქართული სამშობიაროების ადაპტაცია
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ყველა სამშობიარომ მუშაობის განრიგში ცვლილება შეიტანა. როგორც მეან-გინეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი თინათინ გაგუა წერს, დავით გაგუას კლინიკაში დისტანციური კონსულტაციის სამსახური შეიქმნა.
„დროებით შეწყდა გეგმიური ოპერაციები. გადავადდა არასავალდებულო ვიზიტები ექიმებთან. გაიზარდა ინტერვალები ვიზიტებს შორის... ასევე სამედიცინო პერსონალის სამუშაო გრაფიკი ისე შეიცვალა, რომ შემცირდეს შიდა კონტაქტები და ამავე დროს უზრუნველვყოთ უსაფრთხოება“, - წერს გინეკოლოგი.
ნაყოფზე კორონავირუსის ინფექციის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგმა ლელა შენგელიამ.
„რადგან COVID-19 ახალი ვირუსია, ჯერ ვერ დადგინდა, მოქმედებს თუ არა ის ნაყოფის ჯანმრთელობაზე. აქამდე ინფიცირებულ ორსულ ქალებში არანაირი გართულება არ დარეგისტრირებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ქალმა მაქსიმალურად დაიცვას თავი ინფექციისგან. ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ჰიპერთერმიას შეუძლია გამოიწვიოს გართულებები და ორსულობის შეწყვეტაც“, - აცხადებს მეან-გინეკოლოგი.
მისი თქმით, ჩაჩავას კლინიკა აღჭურვილია ბოქსირებული განყოფილებებით, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოში ორსულებს შორის კორონავირუსის ფართო გავრცელება არ არის. არის რამდენიმე ფეხმძიმე ქალი, ყველა მათგანი ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
დღეისათვის COVID-19-ით ინფიცირებული ყველა ორსული საქართველოში გამოჯანმრთელდა მშობიარობის დაწყებამდე. მაგრამ თუ მშობიარობა ინფიცირებულ პაციენტს მოუწევს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე მოქმედებს სამეანო განყოფილებაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში COVID-19-ით ინფიცირებულ ორსულებს მოემსახურება.
ორსულობა და კარანტინი
ანი მიქაძე ახალგაზრდა დედაა, რომელიც მეორე ბავშვს ელოდება და კარანტინის გამო ძლიერ სტრესს განიცდის.
„გარეთ არ გავდივარ. მხოლოდ თვეში ერთხელ მივდივარ კლინიკაში. კლინიკაში წასვლა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცაღა ყველანაირად „ეკიპირებული“ ვარ - ხელთათმანები, პირბადე, სპირტი. მიუხედავად ამისა, მაინც შიში მაქვს, რადგან ერთ სივრცეში ამდენ ადამიანთან ერთად მიწევს ყოფნა“, - უამბო ანიმ „Sputnik-საქართველოს“.
ვიზიტების დროს ექიმები იკეთებენ პირბადეს, სათვალეს, დამცავ კომბინეზონს, ხელთათმანებს. მაქსიმალურად იცავენ დისტანციას. კლინიკაში შესვლის დროს ორსულებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
ახალშობილები
როგორც ორი თვის ბავშვის დედამ ნინო ბიწაძემ გვიამბო, კარანტინის პირობებში ჩვილის გაზრდა ორმაგად რთულია.
„თავიდან ვერ აღვიქვამდი ამ სიტუაციის სირთულეს, რადგან ბავშვთან ერთად რაღაც პერიოდი სახლში ყოფნა ხომ ისედაც მომიწევდა. მაგრამ თანდათან ყველაფერი გართულდა. ძალიან მაწუხებს, რომ ბავშვი მალე ორი თვის გახდება, მასთან კი ვერავინ ვერ მოდის, რადგან ვირუსის გვეშინია. მეგობრებსა და ნათესავებს ტელეფონით ან ონლაინ ვეკონტაქტებით“, - უამბო ნინომ „Sputnik-საქართველოს“.
დასკვნა
ორსულების კონსულტაციები საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროსაც გრძელდება. ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ კლინიკებში ვიზიტების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა, ამიტომ კონსულტაციები ძირითადად დისტანციურად მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ხართ ინფიცირებული COVID-19-ით, წინასწარ ნუ შეშინდებით. საქართველოში ყველა პირობაა მშობიარობისთვის და დედას და ახალშობილს ზრუნვა არ მოაკლდება. მით უმეტეს, რომ, მსოფლიო პრაქტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალებსაც აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვები უჩნდებათ.