20:22 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე (13)
675 0 0

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული და კრიტიკული პერიოდია. მოზარდს საკუთარი თავის პოვნისა და თვითდამკვიდრების ძიების პროცესში დიდი ენერგია ეხარჯება. ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ მშობლების თანადგომა და მხარდაჭერა.

როგორია მშობლისა და შვილის ჯანსაღი ურთიერთობა, რა გავლენა აქვთ მშობლებს შვილის პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ფსიქო-სოციალური ცენტრი „კამარას“ დამფუძნებელმა ნათია ფანჯიკიძემ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე ისაუბრა.

ნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე

ადამიანის ცხოვრების ძირითადი კრიზისები

ადამიანის განვითარების მთელ მანძილზე ჩვენ გვაქვს რვა ძირითადი კრიზისი. რაც ძალიან კარგია, რადგან რვა კრიზისი საშუალებას იძლევა, რომ ამდენჯერვე დავიბადოთ, თავიდან შევეგუოთ ჩვენს გარეგნობას, ხმას, სხეულებრივ შეგრძნებებს, საკუთარი სხეულის ფლობას და ჩვენში ძალიან ბევრი რამ შევცვალოთ. რეალურად კრიზისი რთული გასავლელია, მაგრამ ერთადერთი გზაა, რომელიც ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა. როცა ვიღაცაზე ვამბობთ, რომ არ შეცვლილა, ეს სულაც არ არის დიდი კომპლიმენტი. ვინც არ იცვლება, არ იმსახურებს კარგ შეფასებას. არ შეიძლება 10, 20, 30 წლის ასაკში ვიყოთ ერთი და იგივე. აქედან გამომდინარე, კრიზისი არის ყველაზე მძლავრი უღელტეხილი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია კიდევ ახალი „მე“ წარმოვქმნათ.

კრიზისი მოზარდობის ასაკში

ყველაზე მძაფრად კრიზისი დრამატულ სახეს იძენს მოზარდობის ასაკში. ყველაზე მეტად სწორედ მოზარდობის კრიზისი გვამახსოვრდება. მოზარდობის უმთავრესი კრიზისი არის იდენტობის მოპოვების, როლის შეძენის კრიზისი. იმ შემთხვევაში, როცა მოზარდმა არ იცის რომელ ჯგუფს მიაკუთვნოს თავი, რა აირჩიოს, დიდწილად შეჯახება ხდება მშობლებთან. უმთავრესი კრიზისი გახლავთ ის, რომ თუ მოზარდი არ აჯანყდა, არ აქვს პრობლემა მშობლებთან, ის ნორმალურად ვერ ვითარდება. მოზარდობის კრიზისის დროს ძალიან მაღალია უფროსი ადამიანების პასუხისმგებლობა, რამდენად სერიოზულები იქნებიან ისინი ბავშვებთან ურთიერთობისას, რადგან არც ერთ ეტაპზე ბავშვს ზედმეტად ენა არ უნდა მოუჩლიქოთ. ყველა მის შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ სერიოზულად, გულწრფელად და, რაც მთავარია, ტყუილების გარეშე. ან „გაშაყირების“ გარეშე, რადგან შეიძლება ბავშვს არ ეყოს იუმორის გრძნობა და დიდხანს გაჰყვეს მცდარი წარმოდგენა გარკვეულ საკითხზე.

ავტორიტეტების მსხვრევა

მოზარდობაში ბავშვმა უნდა დაიწყოს სიმბოლური ღმერთების, ავტორიტეტების მსხვრევა. თუ მან არ დაიწყო კერპების მსხვრევა და არ დაიწყო შეკითხვების დასმა, ე.ი. რაღაც წესრიგში არ არის. სხვათა შორის, ფსიქოლოგები ერთ-ერთ ძალიან დიდ შეცდომად ასახელებენ არა უვიც მშობლობას, როდესაც მშობელმა საერთოდ არ იცის, როგორ მოექცეს შვილს, არამედ ძალიან განათლებულ მშობელს, რომელიც მუდმივად ეცნობა ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, მუდმივად წიგნებით ცდილობს გაარკვიოს, როგორ აღზარდოს ბავშვი. ძალიან ხშირად ამ წესებში მოქცევით, როდესაც მშობელი ცოცხალ ინსტინქტებს თრგუნავს ბავშვთან, დიდ შეცდომებს ჩადის, რადგან მშობლის შეცდომაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის აჯანყება. თუ მშობელი შეცდომას არ უშვებს, ბავშვს ნაკლები საფუძველი აქვს, რომ აჯანყდეს. და თუ ბავშვს ნაკლები საფუძველი აქვს აჯანყების, მაშინ გამოდის, რომ არ შედგება ეს ჯანსაღი პროცესი.

ძირითადი შეცდომები, რომელსაც მშობლები უშვებენ

ასეთ დროს მშობლების მთავარი შეცდომა არის ხოლმე ყურადღების გადატანა განსაკუთრებით მცირე საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა ტანსაცმლის დაწუნება, ბავშვების სხვისთვის შედარება, რაც მოზარდს ძალიან შეურაცხყოფს, ძალიან უმნიშვნელო რამეების აკრძალვა და ვერ შემჩნევა მთავარი რისკის, რაც ამ ასაკს ახლავს. ეს გახლავთ ნარკოტიკები, ნაადრევი სექსუალური გამოცდილება, ნაადრევი ორსულობა და სხვ. მშობლებს ამის არც გააზრება უნდათ, არც დანახვა. და როდესაც ხედავენ, უკვე ძალიან გვიანია. ნაადრევი სექსუალური აქტივობით ძალიან ხშირად ტრამვირებული არიან მამრობითი სქესის მოზარდები, რადგან ძირითადად ყურადღება გადატანილია გოგონების დაცვაზე, თუმცა იქაც ბევრი შეცდომა ხდება. ბიჭები, პირიქით, წახალისებული არიან ნაადრევი სქესობრივი კონტაქტისთვის. შემდეგ თერაპიაში ძალიან ხშირად ამოდის ხოლმე მათი ძალიან ტრამვირებული მოგონებები, რომელიც მთელ მათ ცხოვრებაზე აისახება.

რა აწუხებს ყველაზე მეტად მოზარდს გარდატეხის ასაკში

ამ ასაკში ყურადღება განაწილებულია ძალიან ბევრ რამეზე, მოზარდს ერთდროულად აწუხებს თავისი ახლად შეძენილი სხეული, როდესაც სარკეში იყურება და არ მოსწონს თავისი თავი. აქვს დისჰარმონია, რადგან ამ ადამიანს არ იცნობს, ამასთან ძალიან დიდი ენერგია ეხარჯება იმაზე, თუ როგორ გახდეს საინტერესო თავისი მეგობრებისთვის, თანატოლებისთვის. რამდენადაც მეამბოხეა მოზარდი ოჯახში, იმდენად კონფორმისტულია თავისი მეგობრების მიმართ. ხშირად უჭირს არას თქმა, იმ საქციელზეც კი, რომლის ჩადენაც არ უნდა, რადგან ამ დროს მას ეშინია არ დარჩეს იზოლირებული, მეგობრების გარეშე, სოციუმის გარეშე. ამ ასაკში ძალიან რთულია მეგობრების შეძენა. ასეთ დროს ბევრი რამ ხდება დასამტკიცებელი. ამ ფონზე ენერგია აკლდება სწავლასაც. მშობლებს კი ეჩვენებათ, რომ მოზარდი გაზარმაცდა, აღარ აინტერესებს სწავლა. სინამდვილეში ერთდროულად ყველაფრისთვის აღარ ჰყოფნის ენერგია.

პირველი სიყვარულის ასაკი

ყველაფერთან ერთად ეს ასაკი არის ძალიან მძაფრი სიყვარულის პერიოდი, როდესაც სიყვარული ნარცისულ ფორმას ატარებს. საკუთარი ოცნებების გადატანა ხდება სხვაში, და თუ ამ დროს მისი სიყვარულის უარყოფა მოხდა, მოზარდი მაქსიმალურად მტკივნეულად აღიქვამს ამას. მოზარდი ძალიან დესტრუქციულია და ამ დროს დეპრესიისკენ მიდრეკილ რისკ-ჯუფს მიეკუთვნება. მოკლედ, ამ კრიზისის დროს ძალიან ბევრი გასაჭირი ადგას ადამიანს. ასეთ დროს ხშირად დანებდებიან ხოლმე და მიჰყვებიან ინერციას. მოზარდული დეპრესიის გამო ხშირად მათ აქვთ სუიციდური ფიქრები და მცდელობები, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მშობელმა.

მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ

მშობლებს ძალიან უჭირთ ხოლმე იმის გაცნობიერება, რომ ბავშვი აღარ არის პატარა და აგრძელებენ მასთან ისეთივე დამოკიდებულებას, როგორიც ჰქონდათ უფრო მცირე ასაკში, როცა შვილი ემორჩილებოდა დედას, დედის შერჩეულ ტანსაცმელს იცვამდა და ა.შ. მოზარდობის ასაკში მშობელსაც ეწყება ძალიან დიდი წინააღმდეგობა შვილის მიმართ. ჰგონია, რომ შვილი გაურბის. ის თავისუფლებას იპოვებს და მშობელი იწყებს შფოთვას. მეორე დიდი შეცდომა დგება სწორედ აქ, რაც გახლავთ უარესის მოლოდინი, მუდმივად ცუდის მოლოდინი - გადასასვლელზე არ გადახვიდე, მანქანა დაგეჯახება; იმ ადამიანს არ ენდო, ინანებ; მე ეს გამოცდილება მაქვს... ანუ საკუთარი გამოცდილების თავს მოხვევა, მუდმივად შვილის დატვირთვა ბევრი შიშით. თითქოს მოზარდი ამ დროს გამოიყურება ექსცენტრულად, ყოჩაღად, მაგრამ მოზარდზე შეშინებული ადამიანი სინამდვილეში არ არსებობს. ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოების, მეგობრების, თანატოლების აზრი, თითქოს არ იმჩნევს, მაგრამ მშობლების აზრიც და მთელი ეს შფოთვა დაატყდება ხოლმე ნიაღვარივით.

გამოსავალი

ყველა მშობელმა უნდა მისცეს მოზარდს კამათის, შეკითხვების დასმის, გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ეს არის სწორედ ის, რაც ავითარებს ადამიანს. ასე რომ, მოზარდებმა უნდა დასვან კითხვები, დაეჭვდნენ, იკამათონ, შემდეგ აღმოაჩინონ ჭეშმარიტება. ეს არის ცოცხალი აზროვნების განვითარების პროცესი. თუ მშობელმა შვილს ეს დაუშალა, ჩასვა ჩარჩოებში, მაშინ საბოლოოდ ძალიან ცუდად წარიმართება მოზარდის მომავალი.

თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე (13)

მთავარი თემები