06:26 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მარცხით დასრულდა, მოგებული ტურნირის შემდეგ ცუდი პერიოდი უდგას ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსაც.

ვილი სანიოლის წარუმატებელი დებიუტი შვედეთთან და ლეგენდარული ზლატანის დაბრუნება.

„ღმერთის დაბრუნება“, - ასე გამოეხმაურა შვედი ლეგენდარული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მის შვედეთის ნაკრებში გამოძახებას. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში შვედეთთან სტუმრად მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. აღნიშნულმა მატჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ იტალიური „მილანის“ ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნებით მიიპყრო, რომელმაც საკუთარი ძალები 39 წლის ასაკში კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მისი დაბრუნება ჯვაროსნებთან წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ბიჭებმა ეს ურთულესი მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მოწინააღდეგეს სახიფათო მომენტები შეუქმნეს. პირველი რეალური შანსი გიორგი ქვილითაიას ჰქონდა, რომელმაც პირისპირ დარჩენილ შვედ გოლკიპერთან სუსტი დარტყმით გოლის გატანა ვერ შეძლო. პირველ ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შვედებმა თავიანთი შანსების რეალიზება მოახდინეს და 35-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩის „აკრობატული“ გადაცემის შემდეგ ანგარიში კლაუსენმა გახსნა.

15 წუთიანი შესვენების შემდეგ საქართველოს თერთმეტეული მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ნაკრების ერთადერთი იმედი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე არ ჩანდა, ის მეორე ნახევრის სტარტზევე ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა. სანიოლის ეს გადაწყვეტილება გულშემატკივრის კრიტიკის საგანი გახდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ხვიჩას მსუბუქი ტრავმა და თაბრუსხვევა აწუხებდა. ფრანგმა სპეციალისტმა თავი დაიზღვია და ახალგაზრდა შემტევი მოედნიდან გაიყვანა. რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე გუნდებმა ერთმანეთს განსაკუთრებული ვერაფერი შესთავაზეს და საბოლოოდ შეხვედრა შვედეთის გამარჯვებით დასრულდა.

წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია და მომავალში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 „მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მათ ყველაფერი გააკეთეს! ჩვენ ბევრი ახალი მოთამაშით გამოვედით მინდორზე. რისკზე წავედით, მაგრამ შვედებმა დაიმსახურეს მოგება. ქვილიათაიას მაგარი შანსი ჰქონდა, ასევე კარგი მომენტი ჰქონდა შენგელიასაც. იმედგაცრუება იყო ასეთი მომენტების გაფუჭება, მაგრამ ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

თავის მხრივ მატჩი შეაფასა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც. ლეგენდამ მცირე განცხადება მის ნაკრებში დაბრუნებაზეც გააკეთა.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შეხვედრის დროს მეგონა, რომ ეს ჩემი პირველი სანაკრებო მატჩი იყო. ძალიან დიდი ადრენალინი მივიღე. ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ“, - განაცხადა ზლატანმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრებს 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთის გუნდებთან გამართავს. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან შეხვედრას ნაკრებს გულშემატკივარი რეგულაციების დაცვით ტრიბუნებიდან უქომაგებს. „დინამო არენა“-ზე მაყურებელი სტადიონის 30%-ს შეავსებს, მატჩზე დასასწრები ბილეთები კი უკვე სრულად გაიყიდა.

ბასილაშვილის ამერიკული ტურნე მალევე დასრულდა. ქართველმა პირველივე მატჩი სამ სეტში დათმო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა მაიამიში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე პირველივე მატჩი შვედ მიკაელ იმერთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. ვერ ვიტყვით, რომ ნიკამ ცუდად ითამაშა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვა. პირველი სეტი ბასილაშვილმა არასტაბილურად დაიწყო, თუმცა არც მოწინააღდეგე იყო დამაჯერებელი, შესაბამისად შეხვედრის საწყის ეტაპზევე რამდენიმე შესრულებული ბრეიქი ვიხილეთ. ნიკამ პირველი სეტი ანგარიშით 6:3 დათმო, მიუხედავად ამისა მეორე სეტში ქართველი მეტად მობილიზდა და იმერთან ანგარიში გაათანაბრა (6:4). გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი კვლავ ბევრ შეცდომას უშვებდა და შედეგმაც არ დააყოვნა, ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი სამ სეტში ანგარიშით 6:3, 4:6, 6:4 დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, სადაც ნიკოლოზმა 53 შეცდომის დაშვება მოახერხა. ამასთან ქართველს 24 “ვინერსი” ჰქონდა. ნიკამ მატჩში ერთადერთი ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი შვედ ახალგაზრდა ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაშ პირველად დაუპირისპირდა.

გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა, გოგა ბითაძე კი შესაძლოა ახალ გუნდში ვიხილოთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის ტენერიფე ბოსნიურ იგოკეას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა (80:75). გიორგი მოედანზე კვლავ საუკეთესო იყო, 31 წლის ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 21 ქულის მოპოვება შეძლო და მატჩის MVP გახდა. 21 ქულასთან ერთად გიორგიმ 3 მოხსნისა და 2 დაფარების მოგროვება მოასწრო.

შერმადინის ეფექტურობის კოეფიციენტი 20 აღმოჩნდა, რაც მხოლოდ იგოკეას წევრ ჯეკი კარმაიკლის შედეგს ჩამორჩება (27). ლენოვო ტენერიფე საკუთარ ჯგუფში სამი გამარჯვებით და ერთი მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 31 მარტს ლატვიურ რიგას სტუმრად დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ამერიკულ „ინდიანა პეისერსში“ მოთამაშე გოგა ბითაძეს, მასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გოგა შესაძლოა, გაცვლის მონაწილე გახდეს და NBA-ში მოასპარეზე „კლივლენდ კავალიერსში“ ჩაირიცხოს. სანაცვლოდ პეისერსი კი გამოცდილ ჯავალ მაკგის მიიღებს.

„ერთ-ერთი ვარიანტი ჯავალის ინდიანა პეისერსში გაშვებაა, საპირისპირო გზას კი გოგა ბითაძე გაივლის. ცხადია, რომ პეისერსში სასტარტო ხუთეულის დაშლა მოსალოდნელი არაა: დომანტას საბონისი, მალკოლმ ბროგდონი, მაილს ტერნერი, კარის ლევერტი და ტი ჯეი უორენი, როდესაც ჯანმრთელად არის, შეუცვლელები არიან. ამ გუნდისთვის მაკგის სახით დამხმარის მიღება სწორედაც რომ მისწრება იქნება“, - წერს გამოცემა Clutchpoints.

ფაქტია, რომ გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ ნაკლებად ენდობიან და შესაძლოა ცუდ ფორმაში მყოფი „კლივლენდისთვის“ ქართველი ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცეს. აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ინფორმაციები არ ვრცელდება.

თემურ ნოზაძის ოქრო და ეთერ ლიპარტელიანის მორიგი წარმატება თბილისის გრანდ სლემზე.

ტურნირის პირველ საჭიდაო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა წარმატებას მიაღწია, შვიდი კი სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა. ფინალის მოგება თემურ ნოზაძემ მოახერხა, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

თემურ ნოზაძემ ფინალში უზბეკ ქემრან ნურილაევთან იჭიდავა და მეტოქის დისკვალიფიკაციის გამო გრანდ სლემზე საქართველოს ჰიმნი პირველმა გააჟღერა. აღსანიშნავია, რომ უზბეკმა ილეთი სახსრის საწინააღმდეგო მიმართულებით გააკეთა, რის გამოც ის მსაჯმა ტურნირს გამოთიშა. რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს ის თბილისის გრანდ სლემის ფინალში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა. სარდორ ნურილაევმა ქართველს იპონით სძლია, შესაბამისად ვაჟა კვარცხლბეგის მეორე საფეხურზე ავიდა. ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის ფინალამდე ურთულესი გზა განვლო ფინალი კი ნორა ჯაკოვასთან ვაზარით დათმო. კოსოვოელმა მეტოქემ ქართველ ძიუდოისტს ვაზარი აუღო და ლიპარტელიანს ვერცხლის მედალი დარჩა.

მსგავსად პირველისა, მეორე საჭიდაო დღესაც ქართველებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს, თუმცა ამჯერად ჩვენები ოქროს გარეშე დარჩნენ.

73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილმა დენის იარცევს აჯობა. მამიაშვილი თავდაპირველად ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ჯერ საპასუხო ქულა აიღო შემდეგ კი სუფთა გამარჯვებაც იზეიმა და გრანდ სლემზე პირველ მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ლაშა შავდათუაშვილიც მან აკილ ჯაკოვას სამი შიდოს უპირატესობით აჯობა საქართველოს სახელით რიგით მე-5 მედალიც მოიპოვა. რაც შეეხება მესამე ბრინჯაოს მედალს, ის ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა. მან ნახევარფინალი ბელგიელ სემი ჩუჩისთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში მოუგო.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალია.

 

მთავარი თემები