თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ პირადი რეკორდი დაამყარა და შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამის ფარგლებში ალინამ ასევე მეხუთე ადგილი დაიკავა 63,10 ქულით.
თავისუფალი პროგრამის შემდეგ, რომელიც მოციგურავეებმა ორშაბათს, საღამოს წარმოადგინეს, ქართველი სპორტსმენი 116,40 ქულით შეაფასეს, რაც დღის შედეგებით მეექვსე ადგილი იყო. ორი გამოსვლის შემდეგ ალინამ ჯამში 179,50 ქულა დააგროვა და საბოლოო მეხუთე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ორ გამოსვლაში მიღებული ქულები სპორტსმენის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია.
პირველი ადგილი დაიკავა კორეელმა იუ ენმა, მეორე და მესამე ადგილებზე განაწილდნენ რუსეთის წარმომადგენლები ქსენია სინიცინა და ანა ფროლოვა.
ალინა ურუშაძე, რომელიც 7 იანვარს გახდა 16 წლის, 2018 წლის იანვრიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. მანამდე ის ლატვიაში გამოდიოდა, სადაც დაიბადა და ვარჯიშობდა.
წინა დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაო მოუტანა ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა.
ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში ასპარეზობენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.
რამდენმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე>>
სულ ოლიმპიადაში მონაწილეობს 79 ქვეყნის 1 792 სპორტსმენი. ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 22 იანვარს Malley-ს ყინულის არენაზე გაიმართება.