თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. როტერდამის „ფეიენოორდის“ ერთ–ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი როი მაკაი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისურ დერბის დაესწრო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე, სადაც მატჩი გაიმართა, მაკაიმ „დინამოს“ თამაში შეისწავლა, რომელთანაც „ფეიენორდს“ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ხუთშაბათს, 8 აგვისტოს შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
„დინამოელებმა“ ბრწყინვალე მატჩი აჩვენეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 6:0 დაამარცხა. დუბლით ნიკა ნინუა გამოირჩა. გარდა ამისა, თითო–თითო გოლი გაიტანეს ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარმა.
უეფას ევროპის ლიგის პირველ ორ რაუნდში ქართულმა კლუბმა დაამარცხა ანდორის „ენდორგანი“ (ორივე მატჩის შედეგი 7:0) და აზერბაიჯანული „გაბალა“ (5:0). აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ოთხ მატჩში არცერთი ბურთი არ გაუშვიათ.
რაც შეეხება „ფეიენორდს“, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი მატჩი გუნდმა „სპარტასთან“ ფრე ანგარიშით (2:2) დაასრულა.
„დინამო“ თბილისი და „ფეინოორდი“ ერთმანეთს უეფას თასების თასის ნახევარფინალში 1980/1981 წლის სეზონზე შეხვდნენ. თბილისში „დინამომ“ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა, გასვლით მატჩში კი 0:2 დაუთმო და ფინალში გავიდა, სადაც გერმანული „კარლ ცეისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.