თბილისის „დინამომ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე შესარჩევი რაუნდის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანული კლუბი „გაბალა“ დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 3:0. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მატჩის საუკეთესო სურათები.
შეხვედრაში ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა, თუმცა „დინამოელები“ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მთელი თამაშის მანძილზე ფლობდნენ. ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა 68-ე და 88-ე წუთებზე. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბოლო ბურთი „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა კვამე კარიკარიმ გაიტანა.
ამ გამარჯვების შედეგად „დინამო“ ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებს. „გაბალასთან“ გამართული ორი მატჩის ჯამში ანგარიშმა 5:0 შეადგინა თბილისური კლუბის სასარგებლოდ. ამგვარად, „დინამომ“ პასუხი გასცა მეტოქეს ოთხი წლის წინანდელი შეხვედრისთვის, სადაც თბილისელი ფეხბურთელები ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანელებთან 3:2 დამარცხდნენ.
მესამე შესარჩევ რაუნდში „დინამო“ ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება როტერდამში, საპასუხო მატჩი კი – ერთი კვირის შემდეგ თბილისში ჩატარდება.