00:52 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

რადიკალური დაჯგუფებების დაკავებულ წევრებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ და „რუსთავი 2“-ის ოპერატორების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი". 

ამ ეტაპზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი 27 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ტელეარხის ცნობით, ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საქმეში ბრალდებულების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს 21 წლის ახალგაზრდა და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს, ხოლო 60 წლამდე მამაკაცი და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ მედიაჰოლდინგ „რუსთავი 2“-ის ოპერატორს. ბრალდებულები და მათთან ერთად მყოფი პირები ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ ოპერატორებს, რათა დაზარალებულების მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

პროკურატურამ ტელეოპერატორებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით წაუყენა – „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით", „ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით" და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა". 

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მისი მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

 

მთავარი თემები