14:14 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
41 0 0

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვაქცინაციის პროცესი სასურველ ტემპს მკვეთრად ჩამოუვარდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ორჯერადად აცრილთა სტატისტიკური მაჩვენებელი 8%-ს არ აღემატება, რაც მკვეთრაც ჩამორჩება გეგმით გათვალისწინებულ ვაქცინაციის პროცესს.

სპეციალისტი ამბობს, რომ აგვისტოში „დელტა“ შტამი ფართოდ გავრცელდება, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს – აღარ არის ვაქცინების არჩევის დრო და აიცრან იმ ვაქცინით, რაც ხელმისაწვდომია.

ივანე ჩხაიძის თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს აქვს, დაახლოებით ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლით იცავს ინფიცირების გართულებისგან.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინა უფრო მეტი პროცენტით არის ეფექტიანი, მაგრამ „უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი – დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან".

ამავე დროს, შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის შრი-ჯაიავარდენეპურის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში.

დიმიტრი ხუნდაძე: Pfizer-ის მოლოდინში ჩინური ვაქცინების აქტუალობა დაეცა>>

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 2.261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

საქართველოში სულ აცრილია 383.339 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 135.291 ადამიანს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები