06:24 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
70 0 0

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ეპიდვითარება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, უარესდება და გამონაკლისი არც საქართველოა, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. 19 ივლისს ვირუსი 2.600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.557 თბილისში დაფიქსირდა.

ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეები კოვიდ-რეგულაციებს შესაბამისად აღარ იცავენ.

„ქვეყანაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს და ეს ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში „ლოკდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდება, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩავარდება. მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და ახალი კოვიდ-შეზღუდვები, რაც ქვეყანას ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ქვეყანაში ოთხი სახეობის ვაქცინაა შემოსული, პრეპარატ Pfizer-ის მოლოდინში კი ჩინური ვაქცინების აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

ამიტომ ხუნდაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და იმ ვაქცინებით აცრისკენ, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს ქვეყანაში. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ის პრეპარატიც ჩაერთო, მოგვიანებით – Sinovac-ის ვაქცინა. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატ Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები