02:02 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (266)
63 0 0

ათწლიანი გეგმა „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ მიმართული იქნება ცხოვრების ყველა ეტაპზე მედიცინის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. უწყების ათწლიანი გეგმა „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.

ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ცხოვრების ყველა ეტაპზე, აღნიშნა ტიკარაძემ. მისი თქმით, 2021-2030 წლებში გაძლიერდება კონტროლი გადამდებ დაავადებებზე, დაინერგება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმები, გაუმჯობესდება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემა.

ათწლიანი გეგმის თანახმად, სამინისტრო ორიენტირებული იქნება დაავადებების პრევენციაზე, პროფილაქტიკასა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაზე შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ტიკარაძის თქმით, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, გაიზრდება სერვისების მოცულობა და გეოგრაფიული არეალი. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ითვალისწინებს ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის გაძლიერებას, აღნიშნა მინისტრმა.

გეგმის ფარგლებში შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული მოქალაქეთა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საჭიროებებზე.

ჩინეთის სახელმწიფო გრანტის ფარგლებში იგეგმება ორი ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა და ორი ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტაცია, აღნიშნა ტიკარაძემ.

იგეგმება ასევე სახელმწიფო ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება. ის მოქალაქეებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამისა, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში 20-მდე კლინიკა განახლდება უახლესი სტანდარტების შესაბამისად. სახელმწიფო კლინიკები ინტეგრირებული იქნება სასწავლო ბაზებში, პერსონალი კი მუდმივად განვითარდება პროფესიულად.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ეს გულისხმობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გაფართოებასაც. შეიქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, მედიკამენტების ფასების ფორმირების სისტემა დაიხვეწება, დაინერგება წამლების რაციონალურად გამოყენების მექანიზმები.

სამინისტროს პრიორიტეტებს შორისაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივად გადასვლის საკითხიც.

„ციფრული ჯანდაცვა ზოგავს როგორც პაციენტის, ისე დაწესებულებებისა და სახელმწიფოს რესურსებს“, – ხაზი გაუსვა ტიკარაძემ და დასძინა, რომ „ჭკვიან მოწყობილობებზე“ ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.

სოციალური კოდექსის შემუშავება და სრულყოფილი ამოქმედება – სამინისტროს ათწლიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტიკარაძის სიტყვებით, სოციალური კოდექსის სრულფასოვნად ასამოქმედებლად შეიქმნება სოციალური დაცვის სტაბილური, ეფექტური, კოორდინირებული სისტემა, რომელიც მოიცავს: დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემის გაუმჯობესებას; ჯანდაცვის რეფორმას კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის, ორგანიზების და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით; მედიკამენტების ხარისხის და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას; ასევე სადაზღვევო რეფორმას – დაზღვევის ახალი კომპონენტების შემუშავებას: სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების, დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევას.

„იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე იყოს დაცული სხვადასხვა სოციალური რისკისგან, მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. სოციალური დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ოჯახების გაძლიერება და ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებში აღზრდა – სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. იმისათვის, რომ გაძლიერდეს ოჯახების მხარდამჭერი სერვისები, განვითარდება ალტერნატიული სერვისები, დაიხურება დიდი ბავშვთა სახლები და შეიქმნება დამატებითი 24-საათიანი მეურვეობის დაწესებულებები. მნიშვნელოვანი ასპექტია მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება, რათა მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები აღიზარდონ ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

ათწლიანი გეგმის თანახმად, 2021-2030 წლებში საქართველო გადავა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირების საჭიროებები განისაზღვრება არა მხოლოდ მათი დიაგნოზით, არამედ ფუნქციური შესაძლებლობებით.

კიდევ ერთი პრიორიტეტი – ღირსეული შრომითი გარემო და აქტიური დასაქმებაა. სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტი მომდევნო ათი წლის განმავლობაში იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა კეთილდღეობა. გეგმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული პირები კი უსაფრთხო ადგილებზე განსახლდებიან.

ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (266)

მთავარი თემები