22:35 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

კოვიდგადატანილი ბავშვებისთვის იაშვილის და ციციშვილის სახელობის კლინიკების ბაზაზე გაიხსნა ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც გამოკვლევებს სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩაატარებენ

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა - ეს რიცხვი დაასახელა იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები: საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირაში იმსჯელებს >>

კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით მან მოუწოდა მშობლებს ხანგრძლივი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმებს და აცნობა, რომ იაშვილის და ციციშვილის სახელობის კლინიკების ბაზაზე პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე არასრულწლოვანთათვის ჯანმრთელობის ცენტრები გაიხსნა.

ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, კორონავირუსის გადატანიდან ერთ თვეში გამოიკვლევს მულტიდისციპლინური ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკას ჩაუტარებს. ამისათვის მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებებს თავად უნდა მიმართონ.

„ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში, 6-8 თვემდეც კი, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც ჰქონდათ ამ პაციენტებს მწვავე ფაზაში, ან სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენა. ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, მედიცინას ჯერ არ შეუძლია გადაჭრით თქვას, რა იწვევს სიმპტომების მსგავს ხანგრძლივობას, მაგრამ ეს სიმპტომები შეფასებას საჭიროებს. ეს შეიძლება იყოს ძილის დარღვევა, ჰაერის უკმარისობა, ხანგრძლივი ხველა, საერთო სისუსტე, კუნთების მოდუნება, სახსრების ტკივილი და სხვ.

„პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე არასრულწლოვანთათვის ჯანმრთელობის ცენტრები 21 აპრილს ამუშავდა. პაციენტების მდგომარეობას აკვირდებიან პედიატრი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. პროცესში ჩართულია ასევე ფსიქოლოგი, რადგან ბავშვებში ხშირად ვლინდება დეპრესიის შემთხვევები და ხასიათის შეცვლა.

„ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი. ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში, თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ასეთ ბავშვებს ექიმების დაკვირვება ხანგრძლივად ესაჭიროებათ, შესაძლოა ერთი წლის განმავლობაში. მან განმარტა, რომ ბავშვებში კორონავირუსის შემდეგ ვითარდება ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევას, ამიტომ ისინი ხანგრძლივ დაკვირვებას საჭიროებენ.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი - კორონავირუსული ინფექციის სერიოზული გართულებაა, რომელიც ბავშვებს და 19 წლამდე მოზარდებს ემართებათ. ის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაუდებელ მკურნალობას და დაკვირვებას მოითხოვს. გართულების მკურნალობა ამბულატორულად ან სახლის პირობებში დაუშვებელია.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 300 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 283 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.981 პაციენტი.

მთავარი თემები