თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომოდ ტაძრებში რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს>>
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი რეგულაციები არ დაწესებულა და ამ ეტაპზე მხოლოდ გამკაცრდა უკვე არსებული პრევენციული ღონისძიებების კონტროლი, რაც განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის წესს ეხება.
- გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეების ეპიდვითარებას დააკვირდებიან და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების ფონზე იზრდება ზეწოლა სამედიცინო სექტორზე. კერძოდ, ჯანდაცვის უწყება ამჟამად კოვიდ-კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობს, ასევე მობილიზებულია კოვიდ-სასტუმროები, რომლებზეც მოთხოვნა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა.
ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.
ამ დროისათვის ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
გაბუნია: ეპიდსიტუაცია კვლავ საყურადღებოა, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას>>
ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.