თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოში აქამდე ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა დაფიქსირებული „ლიდოკაინზე“, „ნოვოკაინზე“, ასევე სხვადასხვა ანტიბიოტიკებზე, განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთ ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ანაფილაქსიური შოკი სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, მაგრამ ამის გამო ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის. მისი თქმით, მთავარია, მოხდეს პაციენტის მართვა და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში აღმოუჩინონ სწორი დახმარება.
„ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეროვნულ გეგმასთან ერთად ყოფილიყო COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი. ექიმების ძირითადი გუნდი და ყველა ის ბრიგადა, რომელიც აცრაში მონაწილეობს, არის ინფორმირებული, შესაბამისი ტრენინგები ჩატარებულია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტმა იმუშაოს მშვიდ გარემოში, რათა შეძლონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უფრო ღრმად შესწავლა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.
„დანარჩენი საკითხები, რომლებიც იქნება უსაფრთხოების გაძლიერება თუ ტრენინგებზე მეტი აქცენტის გაკეთება, ეს უკვე ტექნიკური დეტალებია. ჩვენ რომ საქმე გვქონდეს ვაქცინაციის შემდგომ ერთი კვირის რეაქციასთან, რასაც სწორედ ევროპის ქვეყნები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იკვლევენ, მაშინ შეეძლო ქვეყანას, მიეღო დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება საბოლოო დასკვნამდე“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო>>
როგორც კულიმბეგოვმა განმარტა, მსგავსი პრობლემის წინაშე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილიყო, ამიტომ საჭიროა საკითხის შესწავლა და საზოგადოების ინფორმირება.
„რასაკვირველია, ყველა ასეთი საკითხის დეტალური შესწავლა, გამჭირვალე ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, არაფრის დამალვა – ეს არის მთავარი ნდობის მოპოვების გარანტია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი აიცრა.